უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თანაშემწის დაღუპვასთან დაკავშირებით ბრალი წარუდგინეს მის კოლეგას, ოლეგ ტიმჩენკოს, რომელმაც გენადი ჩასტიაკოვს ხელყუმბარა აჩუქა.
„დადგენილია, რომ ოფიცერმა შესაბამისი ნებართვის გარეშე შეიძინა რვა ცალი უნივერსალური ხელყუმბარა და მიიტანა სამუშაო კაბინეტში. შემდეგ ხელყუმბარები სასაჩუქრე ხის ყუთში ჩადო, ასევე ყუთში ჩადო ალკოჰოლური სასმელი და სამხედრო მოსამსახურე გენადი ჩასტიაკოვს დაბედების დღეს აჩუქა. ტიმჩენკო კიდევ ორ ხელყუმბარას ინახავდა სამუშაო კაბინეტის კარადაში, საიდანაც ისინი სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა ამოიღეს“, – ნათქვამია უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროს განცხადებაში.
უკრაინული მედიის ცნობით, შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მოადგილის პირველ თანაშემწეს, ოლეგ ტიმჩენკოს ასაფეთქებელი მოწყობილობის ნებართვის გარეშე შეძენის, შენახვისა და ტარების მუხლით წარუდგინეს ბრალი. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
შეგახსენებთ, 6 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თანაშემწე გენადი ჩასტიაკოვი საკუთარ სახლში აფეთქების შედეგად დაიღუპა; ასევე დაიჭრა მისი 13 წლის ვაჟი. როგორც გენადი ჩასტიაკოვის მეუღლემ განაცხადა, ხელყუმბარა, რომელიც ჩასტიაკოვს ხელში აუფეთქდა, სასაჩუქრე ყუთში იდო. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ხელყუმბარა ჯერ ჩასტიაკოვის შვილს ეჭირა ხელში, შემდეგ კი – თავად ჩასტიაკოვს. გამოძიების ცნობით, მამაკაცმა, რომელმაც ზალუჟნის თანაშემწეს დაბადების დღეზე ხელყუმბარა აჩუქა, იუბილარი გააფრთხილა, რომ ყუთში ნამდვილი საბრძოლო მასალა იყო.