“საინფორმაციო ბომბის ეფექტი” – ასე შეაფასეს სამხედრო და პოლიტიკის ანალიტიკოსებმა უკრაინული არმიის მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის განცხადება, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ჩიხში შევიდა. უკრაინელი გენერალი აღიარებს, რომ შეცდა, როდესაც სჯეროდა, რომ არანაკლებ 150 ათასი მებრძოლის ფრონტის ხაზზე დაღუპვის შემდეგ რუსეთის ჯარები შეჩერდებოდნენ… “ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ასეთი მსხვერპლი ომს შეაჩერებდა… დიდი ალბათობით, ღრმა და ლამაზი გარღვევა არ იქნება”, – ამბობს ზალუჟნი. ომის ჩიხში შესვლაზე საუბრობენ უკრაინელი პოლიტიკოსებიც, მაგალითად, პრეზიდენტის აპარატის ყოფილი მრჩეველი ოლექსეი არესტოვიჩი, “ახლა არც რუსეთს შეუძლია ჩვენი ტერიტორიის დიდი ნაწილის ხელში ჩაგდება და არც ჩვენ დეოკუპაცია. შესაბამისად, რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყება აუცილებელია”.
ამ აღიარებებს ემატება ქართველი გენერლის, უკრაინელების ასეთივე გულშემატკივრის, ვახტანგ კაპანაძის აღიარებებიც, რომლებიც “კვირის პალიტრამ” გააჟღერა:
მე კონტრშეტევის დაწყების პირველივე დღეებიდან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, რადგან საჰაერო მხარდაჭერის გარეშე წინსვლა ძნელი იქნებოდა. უკრაინელები ახლა გმირობისა და საბრძოლო სულისკვეთების ხარჯზე იბრძვიან, ზალუჟნიმ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა, დააყენა პრობლემა და ისაუბრა გადაჭრის გზებზე. დიახ, რუსეთთან ომი ჩიხში შევიდა და ამის წინაპირობა იყო უკრაინის შეცდომები. სტრატეგიული შეცდომა იყო რუსეთისთვის გამოფიტვაზე ომში ჩაყოლა. უკრაინელებმა ვერ მოახერხეს ომის პირველი ფაზის წარმატების განვითარებაც, რაც გულისხმობს შოკირებული და გაქცეული რუსების კვალდაკვალ წინსვლას, ანუ კამპანიის ფაზირებაში არ იყო დინამიკური გადასვლები. ასევე ვერც ერთხელ ვერ მოახერხეს დეზორგანიზებული რუსული ძალების “ტომარაში” მოქცევა და განადგურება.
ხარკოვის კონტრშეტევის დროს რუსი სამხედროები აქეთ-იქით ეხეთქებოდნენ და არ იცოდნენ, რა ექნათ, ხერსონის დაკავების დროს 25.000 რუსული დაჯგუფება ერთ ღამეში გადაუშვეს დნეპრზე. უკრაინის სპეცდანიშნულების ძალებს ბახმუტში ბრძოლის ნაცვლად, უფრო აქტიურად უნდა ემოქმედათ ბელარუსის ტერიტორიაზე და ყირიმში თათრების წინააღმდეგობის მოძრაობის გაძლიერებისთვის. შეცდომა იყო პოზიციურ თავდაცვაზე გადასვლა – სწორედ ამან შეიყვანა ომი ჩიხში. წესით, აქცენტი უნდა გაკეთებულიყო მობილურ თავდაცვაზე, ტერიტორიების დაცვაზე კი არა, პირველ რიგში მოწინააღმდეგის ძალების განადგურებაზე და მერე გადასულიყვნენ შეტევაზე.
უკრაინელებმა დრო და რესურსები დაკარგეს არასტრატეგიული ობიექტების დაცვაზე, მაგალითად, ბახმუტზე. ეს ის დრო იყო, რა დროშიც სუროვიკინმა ზაპოროჟიე და ხერსონის მიმართულებები გაამაგრა. ასევე მივიჩნევ, რომ კონტრდარტყმა მიაყენეს სიურპრიზის გარეშე, არ მოხდა კონცენტრირება ერთი მიმართულებით. რუსებს ახალი არაფერი გამოუგონებიათ, არანაკლები სიძლიერის თავდაცვა ჰქონდა სადამ ჰუსეინს ერაყში, თავისი ფორტიფიკაციებით, საცეცხლე წერტილებითა და ნავთობით გავსებული ტანკსაწინააღმდეგო არხებით, მაგრამ კოალიციის საჰაერო ძალებმა 16 დღის განმავლობაში იმუშავეს და შემდეგ გადავიდნენ შეტევაზე სახმელეთო ჯარები – დღე-ღამეში 300 კილომეტრის გავლა შეძლეს.
ბრძოლის ველზე გადარჩენილი სუსტი მხარე (ანუ რუსები) გამოცდილებას იღებს და საბრძოლო უნარ-ჩვევებს იძენს, მერე ძლიერი მხარე (უკრაინელები) საბრძოლო დანაკარგების შედეგად ახალ ხალხს იღებენ, რომლებსაც ჯერ არა აქვთ საბრძოლო უნარ-ჩვევები, რაც საერთო ჯამში არმიის საბრძოლო შესაძლებლობებს აქვეითებს. საქმე ის არის, რომ უკრაინა გამოცდილ, მომზადებულ ხალხს კარგავს, რუსები კი ამასობაში გამოცდილებას იღებენ. რუსები ისე აღარ იბრძვიან, როგორც ომის დაწყების პირველ ეტაპზე. პრობლემაა ისიც, რომ რუსები უკვე ჩრდილოეთ კორეაზე გავიდნენ, ახლა იქიდან იღებენ საბრძოლო მასალებს. უშველებელი მარაგი აქვთ და ეს ყველაფერი რუსეთისკენ წამოვა.
უკრაინამ ამ ეტაპზე უნდა შეცვალოს თავისი მთავარი ამოცანა – უკრაინის სრული გათავისუფლება, უფრო კონკრეტულ და მოკლევადიან მიზნებზე უნდა კონცენტრირდეს, შემოდგომა-ზამთრის სეზონი უნდა გამოიყენოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზებისა და გადაიარაღებისათვის, დაიკავოს და შეინარჩუნოს პლაცდარმები დნეპრის მარცხენა ნაპირზე, შეინარჩუნოს სტაბილურობა ფრონტის ხაზზე და გაზაფხული-ზაფხულის მოქმედებებისთვის უნდა მოემზადოს. მათი საშუალვადიანი ამოცანა უნდა იყოს აზოვის ზღვაზე გასვლა. ამაზე დიდი ამოცანა არ უნდა დაისახონ.
– ამბობს ვახტანგ კაპანაძე, თუმცა გაუგებარია, აზოვის ზღვაზე გასვლაზე უფრო მეტი რაღა უნდა დაისახოს ჩიხში შესულმა უკრაინამ – აზოვის ზღვაზე გასასვლელის დაბრუნება კიევის რეჟიმისთვის ისეთივე არარეალურია, როგორც, დავუშვათ, მოსკოვის აღება.