ჯეიკ სალივანის განცხადებით, ბაიდენს ამერიკელ და ჩინელ სამხედროებს შორის კავშირების აღდგენა სურს

უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის ჯეიკ სალივანის ინფორმაციით, თეთრი სახლის ლიდერს ჯო ბაიდენს ჩინეთთან სამხედრო კავშირების აღდგენა გადაწყვეტილი აქვს, რადგან მიიჩნევს რომ ეს შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებშია.

„ჩვენ გვჭირდება კომუნიკაციის ხაზები, რათა არ დავუშვათ შეცდომები“, – თქვა სალივანმა CBS-თან საუბარში.

სალივანის თქმით, „სამხედრო კავშირები შეიძლება განვითარდეს ყველა დონეზე – ხელმძღვანელობიდან დაწყებული ტაქტიკურ ოპერაციულ დონეზე, ასევე წყალსა და ჰაერში ინდო-წყნარ ოკეანეში“.

„საკომუნიკაციო კავშირები ძირითადად ჩინელებმა გაწყვიტეს. პრეზიდენტ ბაიდენს სურს ამის აღდგენა. ეს არის დღის წესრიგის მთავარი პუნქტი“, – აცხადებს ჯეიკ სალივანი.

უცხოური მედიის ინფორმაციით, 15 ნოემბერს სან-ფრანცისკოში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე თეთრი სახლისა და ჩინეთის ლიდერები ერთმანეთს შეხვდებიან.