ევროკომისია ხვალ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტს წარადგენს

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკომისია გეგმავს 15 ნოემბერს ანტირუსული სანქციების მე-12 პაკეტის წარდგენას. მან აღნიშნა, რომ ახალი პაკეტი მოიცავს რუსული ბრილიანტების გაყიდვის აკრძალვას. ამის შესახებ Reuters წერს.

„ეს მეთორმეტე პაკეტი მოიცავს ექსპორტის ახალ აკრძალვებს, მათ შორის ბრილიანტის. ქმედებებს ნავთობის ფასის ლიმიტის გამკაცრების მიზნით, რათა შემცირდეს შემოსავალი, რომელსაც რუსეთი იღებს თავისი ნავთობის გაყიდვით – არა ჩვენთვის, არამედ სხვებისთვის.

ჩვენ ვასრულებთ ამ პაკეტის ბოლო დეტალებს“, – განუცხადა ბორელმა ჟურნალისტებს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ.

მისივე თქმით, ეს წინადადებები 15 ნოემბერს ევროკომისიის დაგეგმილ სხდომაზე უნდა შეთანხმდეს, რის შემდეგაც ისინი დასამტკიცებლად ბლოკის 27 წევრი  ქვეყნისგან შემდგარ ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა განსახილველად და დასამტკიცებლად.

ცნობისთვის, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ამკრძალავი ზომების მოცულობა რეკორდულია საზოგადოების ისტორიაში. სანქციებით გათვალისწინებული შეზღუდვები, ამა თუ იმ ხარისხით, ეხება რუსეთის ეკონომიკის ყველა სექტორს, რომ აღარაფერი ვთქვათ 1500-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირის შავ სიაზე, რომლებთანაც ევროპულ ბიზნესს ეკრძალება რაიმე კონტაქტი. სიაში მყოფებს ასევე ეკრძალებათ ევროკავშირში შესვლა და მათი აქტივები გაყინვას ექვემდებარება.