ბუდანოვი აღიარებს, რომ ომი, სავარაუდოდ, დიდხანს გაგრძელდება და რუსეთი თავისთვის წამგებიან ხელშეკრულებას არ დათანხმდება

ომი შეიძლება, დიდხანს გაგრძელდეს, რადგან რუსები არ მოაწერენ ხელს უკრაინასთან შეთანხმებას და გააგრძელებენ ქაოტურ დაბომბვას, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

ბუდანოვის თქმით, რუსეთი უკრაინასა და დასავლეთთან მოლაპარაკებას კიდევ დიდხანს არ გამართავს.

უკრაინის დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ისტორიამ იცის მაგალითები, როდესაც ომები იურიდიულად არ დასრულებულა, მაგალითად, იაპონია და რუსეთი, რომლებიც ოფიციალურად ომში არიან 1945 წლიდან, ვინაიდან კურილის კუნძულების სტატუსის შესახებ სამშვიდობო ხელშეკრულება არ გაფორმებულა.

„ეს ტერიტორიული პრობლემა უკვე 70 წელზე მეტია, ამიტომ, ეს სცენარი აქაც ძალიან სავარაუდოა, რადგან რუსეთის ფედერაციას აქვს მნიშვნელოვანი ტერიტორიული მადა უკრაინასთან მიმართებაში, რაც ეხება არა მხოლოდ ყირიმს. რა თქმა უნდა, არავინ აპირებს ამ მადის დაკმაყოფილებას“, – განაცხადა კირილ ბუდანოვმა.