„სალომე ზურაბიშვილი მიზანმიმართული მავნებლობით არის დაკავებული და ვერ ვხედავთ ვერცერთ ბერკეტს, რომლითაც ეს შეიძლება შევაჩეროთ“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა დავით ქართველიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი საკუთარ პოლიტიკურ პროგრამას პრეზიდენტის პოსტის გამოყენებითა და ქვეყნის ინტერსების დაზიანების ხარჯზე აწარმოებს.
„სალომე ზურაბიშვილის ე.წ. პრეზიდენტობას ცოტა ხნით რომ თავი დავანებოთ, ქალბატონი დიპლომატია, ხომ? მაშინ, როცა ექიმებს დიპლომის აღების შემდეგ პრაქტიკის გავლა სჭირდებათ წლების განმავლობაში, რომ ექიმებად შედგნენ, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობამდე მხოლოდ დიპლომატის დიპლომმა მიიყვანა. და ეს ყველაფერი რისთვის, კონსტიტუცია რომ დაგვახიოს თავზე, რომლის გარანტიც, თუნდაც ნომინალურად, თავად არის? და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩაგვაყენოს იმ დონეზე, რომ პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში არსებული ყველა პრობლემა უნდა გადადოს და ჩინეთის ელჩთან ახსნა – განმარტებით დაკავდეს და თავი იმართლოს? ან დღეს რომ დაიბარეს ორბელიანის სასახლეში ჩინეთის ელჩი, ვიფიქრე, ე.წ. პრეზიდენტი შეხვდებოდა მას და აუხსნიდა მისთვის გასაგებ ნებისმიერ ენაზე, თუ რისი თქმა უნდოდა და რისი – არა იმ ინტერვიუში, მაგრამ ელჩს შეხვდა ადმინისტრაციის უფროსი, რომელმაც აბდაუბდა განმარტება მისცა.
მაშინ, როდესაც, დღეს ყველას შეუძლია თარგმნოს სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ, სადაც მას რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტებზე ერთდროულად დაუსვეს კითხვა და ნახოს, რომ მან არ გამიჯნა ეს თემები ერთმანეთისგან და ამ კითხვას ცალსახად, არადიპლომატიურად უპასუხა, რითაც აღმასრულებელი ხელისუფლების ლიდერი და საზოგადოება ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო. ამ ქალბატონს ხუთი წლის განმავლობაში ნებისმიერ საერთაშორისო პლატფორმაზე არაფერი არ უთქვამს, რაც შეიძლება სამაგალითოდ გამოვიყენოთ, რომ, მაგალითად, მან აქო ხელისუფლების ესა თუ ის ქმედება, საზოგადოების ესა თუ ის ნაბიჯი და ა.შ. მას არაფერი არ მოსწონს, მისთვის არაფერი არ კეთდება სასიკეთო.
ერთადერთი, რაც გაკეთდა თურმე, 2018 წელს მისი პრეზიდენტად არჩევა იყო, თორემ დანარჩენი ყველაფერი ძალიან ცუდია და თუ რამე კეთდება, ისიც რუსულია. ეს ადამიანი მიზანმიმართული მავნებლობით არის დაკავებული და ვერ ვხედავთ ვერცერთ ბერკეტს, რომლითაც ეს მავნებლობა შეიძლება შევაჩეროთ. ადამიანი, რომელსაც ქვეყნის ბედი აწუხებს, ამ სიტუაციაში გადადგომაზე განცხადებას დაწერდა, საპრეზიდენტო რეზიდენციიდან გავიდოდა, ჩამოაყალიბებდა პოლიტიკურ პარტიას (თუ ამის პოტენციალს ხედავს საკუთარ თავში), შემოიკრებდა თანამოაზრეებს და მერე ილაპარაკებდა, რაც სურს; თუ უნდა, წინასაარჩევნო კამპანიით დაკავდებოდა. მაგრამ, თან იკავებდეს ქვეყნის პრეზიდენტის პოსტს და თან მიზანმიმართულად აწარმოებდეს თავის პოლიტიკურ პროგრამას, სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენების ხარჯზე, ამას არ ვიცი რა ჰქვია. თანამედროვე მსოფლიოში ამის პრეცედენტიც არ მეგულება. სალომე ზურაბიშვილის მსგავსი სტატუსის მქონე პრეზიდენტები ჰყავთ ისრაელს, იტალიას, გერმანიას და რამე გსმენიათ, რომ ამ პრეზიდენტებს თავიანთი უფლებამოსილება გადამეტებულად, ქვეყნის საზიანოდ გამოეყენებინოთ? მით უმეტეს, ისრაელში, სადაც ახლა ომი მიმდინარეობს. წარმოიდგინეთ, ისრაელს დღეს სალომე ზურაბიშვილი რომ პრეზიდენტად ჰყოლოდა, ბირთვული ომი იქნებოდა დაწყებული უკვე“, – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.