„ვერ მივხვდი, რატომ ზის ჩემი შვილი 8 თვე ციხეში“ – ლაზარე გრიგორიადისის დედა

7-9 მარტის აქციების საქმეზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დღეს სასამართლო პროცესი იმართება. თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომას ესწრება ლაზარე გრიგორიადისის დედა, თამთა კალანდაძე. მისი თქმით, სამართლიანობის განცდა არ აქვს.

„ძლივს გავძელი, ველოდი, რომ რაღაც უკეთესობისკენ შეიცვლებოდა, რაღაცა ცვლილება იქნებოდა და ბოლო პიკში გადავწყვიტე უკვე აქ ჩამოსვლა. სამართალს ვერ ვგრძნობ ამ პროცესებთან დაკავშირებით. ვერ მივხვდი, რატომ ზის ჩემი შვილი 8 თვე ციხეში. 

ყველაზე მძიმე იყო, როდესაც ვუყურებდი, რას ამბობდნენ ლაზარეზე. ვერ დავიჯერე, რადგან ხუმრობა მეგონა და ცოტა სიცილი ამიტყდა, მერე რომ დავრწმუნდი, რომ ნამდვილად ასეა… უბრალოდ შეუფერებელია, რომ თანამდებობის პირი, რომელსაც ჰყავს შვილები, გინდა არც ჰყავდეს შვილები, მსგავს რაღაცებს ლაპარაკობს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ლაზარე გრიგორიადისის დედამ.