„აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფხაზეთს „ოკუპირებულ ტერიტორიას“ უწოდებს და მას რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების განადგურება სურს, მისთვის უახლოეს მომავალში ჩვენი კარი დაიხურება“. ამის შესახებ სოხუმის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა. ინფორმაციას amralife ავრცელებს.
ინალ არძინბას თქმით, USAID-ის ოფიციალურ საიტზე წერია, რომ აფხაზეთში ხდება ისეთი პროექტების განხორციელება, რომლებიც „კრემლის დამღუპველ გავლენას წინ უნდა აღუდგეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ხელი უნდა შეუწყოს“.
არძინბა ამბობს, რომ გაეროს შესაბამისი სტრუქტურები აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცრუ ინფორმაციას აწვდიან მის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების შესახებ, რისი დადასტურება ამ პროექტების პრაქტიკული რეალიზება და აშშ-ის ორგანოების ოფიციალურ საიტებზე გავრცელებული ინფორმაციაა.