? გერმანიის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი 21 ნოემბერს დილით, კიევში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოგზაურობის მიზანი უკრაინისადმი გერმანიის მხარდაჭერის დადასტურებაა.

ამ ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები იგეგმება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელთან რუსტემ უმიეროვთან და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. შეხვედრების მთავარი თემა კი უკრაინელი ჯარისკაცების მომზადება და კიევის სამხედრო დახმარების საკითხი იქნება.

ცნობისთვის, ეს პისტორიუსის მეორე ვიზიტია კიევში მას შემდეგ, რაც მან იანვარში თავდაცვის მინისტრის პოსტი დაიკავა. ბოლოს ის უკრაინაში თებერვალში ჩავიდა.

შეგახსენებთ, 20 ნოემბერს კიევს ასევე ეწვია აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი, რომელიც ირწმუნებოდა, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.