პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, კარგი იქნება, თუ საარჩევნო ბარიერზე სპეკულაციების ნაცვლად, ერთ და ორპროცენტიანი პარტიები გაერთიანებაზე და ამ გზით ბარიერის გადალახვაზე იფიქრებენ.
ამასთან, კობახიძის შეფასებით, ზოგადად ოპოზიცია იმდენად დისკრედიტირებულია, რომ არჩევნებზე შესაბამის შედეგს მიიღებენ და არავითარი გაერთიანება მათ არ უშველით.
„ზოგადად, თუ ერთპროცენტიანი, ორპროცენტიანი პარტიები იფიქრებენ გაერთიანებაზე, როგორიც არის იგივე „ლელო“, გახარია და ა.შ. ეს მათთვის უკეთესი იქნება. დაამთავრონ სპეკულაციები ბარიერთან დაკავშირებით. კეთილი ინებონ, იციან საკუთარი რეიტინგები – 1, 2, 3 პროცენტი, გაერთიანდნენ და ასე იზრუნონ ბარიერის გადალახვაზე. ეს იქნება უფრო სწორი, დანარჩენი მათი საქმეა. მგონია, რომ ზოგადად ოპოზიცია იმდენად დისკრედიტირებულია, იმდენი რამე დაუშავეს ამ ქვეყანას, საზოგადოებამ ხომ დაინახა ეს ყველაფერი, როგორ ეწეოდნენ ქვეყანაში ისეთ საქმიანობას, რომელიც პირდაპირ იყო მიმართული ამ ქვეყანაში მეორე ფრონტის გაჩაღებისკენ, უკრაინის სცენარის განვითარებისკენ და ა.შ. საზოგადოებამ ეს ყველაფერი დაინახა. აქედან გამომდინარე, არჩევნებზე ისინი მიიღებენ შესაბამის შედეგს. არავითარი გაერთიანება მათ არ უშველით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.