ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ 22 ნოემბერს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ფინეთი ხელისუფლებამ რუსეთთან საზღვარზე ერთის გარდა ყველა სასაზღვრო პუნქტის დახურვის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. წინადადება ფინეთის მთავრობამ 23 ნოემბერს უნდა დაამტკიცოს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ წერს.
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ფინეთი მზად არის მთლიანად დახუროს საზღვარი რუსეთთან.
სასაზღვრო პუნქტები, რომლებიც ჯერ კიდევ ფუნქციონირებს, 24-25 ნოემბრის ღამეს, მინიმუმ 23 დეკემბრამდე დაიკეტება. ფუნქციონირებას მხოლოდ რაჯა-ჯოზეპის საგუშაგო გააგრძელებს, რომელიც რუსეთთან საზღვარზე, ფინეთის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს.
ცნობისთვის, რუსეთსა და ფინეთს შორის საგზაო და სხვა ტრანსპორტის 8 სასაზღვრო პუნქტი მდებარეობს. 18-19 ნოემბრის ღამეს, ფინეთის ხელისუფლებამ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით 4 მათგანი, 2024 წლის 18 თებერვლამდე დახურა. 4 საგუშაგო დარჩა ღია აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით, რუსეთის კარელიასთან და მურმანსკის რეგიონთან საზღვარზე.
ასევე 2023 წლის დასაწყისში, ფინეთმა დაიწყო ბარიერული სტრუქტურების მშენებლობა რუსეთთან საზღვრის გასწვრივ, იმის შიშით, რომ რუსული მხარე ხელს შეუწყობს მესამე ქვეყნებიდან მიგრანტების შეღწევას ფინეთში. მსგავსი მიგრაციული კრიზისი უკვე მოხდა 2021 წელს, როდესაც ათასობით მიგრანტი აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ცდილობდა ბელარუსის ტერიტორიიდან პოლონეთში, შემდეგ კი ევროკავშირის სხვა ქვეყნებში ჩასვლას.