საქართველოს გაერთიანება რომ რუსეთის გარეშე არ მოხდება, ეს აშკარაა. მავან ძალებს სურთ, საქართველო ჩაითრიონ ევროკავშირსა და ნატოში – შიდა ქართლისა და აფხაზეთის გარეშე, რათა ამ დასავლური ორგანიზაციებისთვის მისაღები იყოს საქართველოს ინტეგრაცია, ვინაიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის (ანუ 1990 წლის საზღვრების) აღდგენის გამო დასავლეთი არასოდეს იომებს.
ეს მოსაზრება კიდევ ერთხელ დადასტურდა გასულ კვირას, როდესაც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის რეგიონთაშორისი და უცხოეთთან კულტურული ურთიერთობის სამმართველოს ხელმძღვანელი იგორ მასლოვი სამხრეთ ოსეთს ეწვია. ოფიციალურმა პრესამ, რომელმაც ეს ვიზიტი გააშუქა, ყურადღება არ გაამახვილა ადგილობრივ პარლამენტარებთან მის შეხვედრაზე. არადა, სამხრეთ ოსეთის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სწორედ ეს ფაქტი იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას. რა დარჩა კულისებს მიღმა?
რაც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალი რანგის ჩინოვნიკის, მასლოვის ვიზიტის შემდეგ კულუარულად გახდა ცნობილი, გახლავთ უთანხმოება სახელმწიფო საზღვრის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ. კულისებში შეხვედრისას, იგორ ვენედიქტოვიჩმა რეკომენდაცია გაუწია ოს პარლამენტარებს, რომ თავი შეიკავონ ამ კანონში ცვლილებების მიღებისგან. კერძოდ, საუბარია ცვლილებებზე მეორე მუხლში კანონისა “სახელმწიფო საზღვრის დადგენისა და შეცვლის პრინციპების, სახელმწიფო საზღვარზე სამართლებრივი ურთიერთობების დადგენისა და მხარდაჭერის შესახებ”.
ოსურ მხარეს სურს, რომ ფორსირებულად მოხდეს საქართველოსთან ე. წ. საზღვრის დადგენა, დელიმიტაცია და დემარკაცია, 1922 წლის 22 აპრილს საქართველოს სსრ საბჭოების ცენტრალური აღმასკომისა და სახალხო კომისართა საბჭოს მიერ მიღებული #2 დეკრეტის საფუძველზე, რაც ოსებს მისცემს საშუალებას, დამატებით გაზარდონ ამჟამინდელი სეპარატისტული რესპუბლიკის ფაქტობრივი ტერიტორია დაახლოებით 5 პროცენტით.
სწორედ ამ მისწრაფებებს აღუდგა წინ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, იგორ მასლოვის სახით, და ოსებს ამ განზრახვაზე, ფაქტობრივად, ხელი ააღებინა.
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ოს პარლამენტარებს განუმარტა, რომ ამ საკითხის ქექვა საქართველოში არასასურველ რეაქციას გამოიწვევს, რასაც შესაძლოა, რეგიონში ვითარების დესტაბილიზაცია მოჰყვეს.
2008 წლის შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალისაგან დაჟინებით მოითხოვა შიდა დღის წესრიგის კორექტირება თბილისის შესაძლო რეაქციის გათვალისწინებით. ამან ოსი სეპარატისტები საგონებელში ჩააგდო. ოსი ბლოგერის, ალიკ ფუხატის თქმით, პარლამენტარების რეაქცია სავსებით გასაგებია – რუსეთის წარმომადგენელმა შესთავაზა ოსურ მხარეს, გადაიდოს გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის ისეთ ძალიან მგრძნობიარე საკითხზე, როგორიცაა საზღვარი, ტერიტორია.
ბოლო დრომდე, ოპოზიცია საყვედურობდა პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს იმის გამო, რომ ცდილობდა პარლამენტში გაეტანა რუსეთიდან მიღებული სამხრეთ ოსეთის რუკა (მასზე მიმაგრებული საზღვრების აღწერილობით), რომელიც, როგორც დეპუტატებმა გაარკვიეს, არ ითვალისწინებდა ორასამდე კვადრატულ კილომეტრ მიწებს, რომლებიც თითქოს, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას “ეკუთვნის”.
“კავკაზსკი უზელთან” საუბარში ალიკ ფუხათი აღიარებს:
“შექმნილ ვითარებაში გასარკვევად, კონტექსტი უნდა გავიგოთ. სამხრეთ ოსეთის საზოგადოებაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ყარაბაღის დაცემამ. ახლა ოსები მოსკოვის ყოველ სიტყვაში, ყოველ მოქმედებაში ეძებენ სიგნალს, ცდილობენ გაიგონ მისი განწყობა, განსაკუთრებით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესების ფონზე. ისინი ცდილობენ გაიგონ, რა პერსპექტივები აქვს სამხრეთ ოსეთს, მათ შორის იმ კონტექსტში, რაც მოხდა ყარაბაღთან და, ზოგადად, გლობალურ ვითარებაში, რომელიც სულ უფრო და უფრო საშიში ხდება“.
დიახ, ამას თავად ოსები ამბობენ და აღიარებენ – რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება მაშინ, როდესაც ყარაბაღის რესპუბლიკა სწორედ რუსეთის მდუმარე თანხმობით (და არა რუსეთის ნების საწინააღმდეგოდ!) დაეცა, საფრთხეს უქმნის სეპარატიზმს; შესაბამისად, იზრდება შანსები, რომ საქართველომ მოაგვაროს თავისი ტერიტორიული პრობლემა – ოსებთან, რუსული შუამავლობით, დიალოგისა და ნდობის ჩამოყალიბების გზით.