2023 წლის პირველი ათი თვის განმავლობაში საქართველომ საზღვარგარეთ 217.3 მლნ აშშ დოლარის ყურძნის ნატურალური ღვინო გაყიდა.
ქვეყნიდან ღვინის რეალიზების მაჩვენებელი წლიურად 8.2%-ით გაიზარდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ექსპორტირებული ღვინის მოცულობა 2022 წლის 10 თვეში უფრო მეტი იყო. წელს 75 726 ტონა ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც გასულ წელთან შედარებით 4%-ით ნაკლები მაჩვენებელია.
აღსანიშნავია, რომ ქართული ღვინის მთავარი სარეალიზაციო ბაზარი წელსაც რუსეთია, რომელსაც მთლიან ექსპორტში 2023 წლის 10 თვეში 66%-იანი წილი უჭირავს.
საექსპორტო ქვეყნების TOP-ათეული ასე გამოიყურება:
- რუსეთი – 144 მლნ აშშ დოლარის 53 547 ტონა
- პოლონეთი – 11.7 მლნ აშშ დოლარის 4 652 ტონა
- უკრაინა – 11.6 მლნ აშშ დოლარის 4 158 ტონა;
- ჩინეთი – 9.4 მლნ აშშ დოლარის 2 632 ტონა
- ყაზახეთი – 8.1 მლნ აშშ დოლარის 2 599 ტონა
- ბელარუსი – 6.2 მლნ აშშ დოლარის 2 177 ტონა;
- აშშ – 4.2 მლნ აშშ დოლარის 680 ტონა;
- გერმანია – 3.2 მლნ აშშ დოლარის 876 ტონა
- ლატვია – 3.2 მლნ აშშ დოლარის 948 ტონა
- ლიეტუვა – 1.8 მლნ აშშ დოლარის 547 ტონა
როგორც ვხედავთ, რუსეთის გარეშე ქართული მეღვინეობა, ქართული სოფელი, მკვდარი იქნებოდა.
ცნობისთვის, რუსეთი მეღვინეობის უცხოური საწარმოების აუდიტს იწყებს, რომ იმ ქვეყნების წარმოების ტექნოლოგია შეამოწმოს, საიდანაც რუსეთში სასმელი შედის. ამის შესახებ „იზვესტიას“ ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს.
მიიღო თუ არა საქართველომ „როსსელხოზნადზორის“ მხრიდან თანამშრომლობის ორმხრივი მემორანდუმის პროექტი, ჯერ-ჯერობით უცნობია.
წყარო: “ბიზნესპრესნიუსი“