ევროპაში დიდი დებატები მიმდინარეობს, როგორ დაუკავშირდეს ევროპა მისგან აღმოსავლეთით მსოფლიოს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბაქოში, ცენტრალური აზიის ეკონომიკებისთვის გაერო-ს სპეციალური პროგრამის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპაში ახალი იდეები და სტრატეგიები არ ჩამოყალიბებულა.
„ევროპა გამოწვევების წინაშეა. ევროპაში ომია. კონტინენტზე კონკურენციულობა უარესდება და ჩვენ ვერ ვახერხებთ უკონონო მიგრაციის შეჩერებას. ევროპის კონტინენტზე ტერორიზმის საფრთხე მუდმივად იზრდება. გასული სამი ათწლეულის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა ეფუძნებოდა ძალიან სტაბილურ საფუძველს. ჩვენ მივაბით დასავლური ტექნოლოგია ადვილად წვდომად, იაფ, ძირითადად რუსულ, ენერგორესურსებს. ამ კომბინაციამ გააძლიერა ჩვენი მდგომარეობა, მაგრამ ამ ომმა შეარყია ეს თანამშრომლობა. ევროპაში არ ჩამოყალიბებულა ახალი იდეები და სტრატეგიები. ჩვენ არ გაგვიკეთებია ევროპის ეკონომიკური ზრდის საფუძვლების რეკონსტრუქცია. ჩვენ ძიების პროცესში ვართ და სწორედ ამიტომ ევროპაში დიდი დებატები მიმდინარეობს, როგორ დაუკავშირდეს ევროპა მისგან აღმოსავლეთით მსოფლიოს. ბოლო ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოს ეკონომიკა ორად, ბლოკებად გაიყო და ჩვენმა ქვეყნებმა, ზოგადად, ცენტრალური ევროპის ქვეყნებმა ბევრი დაკარგეს ბლოკებად დაყოფის გამო. სწორედ ამიტომ მსოფლიოს მომდევნო ეკონომიკურ პერიოდს განსაზღვრავს დაკავშირებადობა, ორმხრივ ნდობასა და პატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობა. ევროპიდან ჩვენ ვუყურებთ ცენტრალურ აზიას, როგორც ადგილს, რომელიც აკავშირებს ტრანსპორტს ევროპასა და შორეულ აღმოსავლეთს შორის“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.