საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, საერთო-სახალხო ზეიმის გამართვა იგეგმება. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, ეს იქნება საქართველოს, ხალხისა და ხელისუფლების ერთობლივი მუშაობისა და ისტორიული გამარჯვების აღნიშვნა.
„მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დავამტკიცებთ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმას. ეს გეგმა არის 12 პრიორიტეტის და ახლა უკვე ცხრა ნაბიჯის შემადგენელი ნაწილი. ჩვენ ავიღეთ ვალდებულება ამის დამტკიცების თაობაზე. დღეს, 15:00 საათზე გაიმართება ევროკავშირთან ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის სხდომა. ჩვენს პარლამენტთან ერთად განვიხილეთ, მანამდე პარტიაშიც გავიარეთ ეს საკითხები. თითოეულ ამ ნაბიჯზე, რეფორმებზე გვაქვს კონკრეტული გეგმა, გაწერილი იქნება შესრულების ვადებიც. ბატონ დარჩიაშვილს ექნება კომუნიკაცია თავის ევროპელ კოლეგებთან, მეც მექნება შეხვედრები და კომუნიკაცია ჩვენ ევროპელ კოლეგებთან. ამ ინფორმაცია მივაწოდებთ მათ. ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება მალე იქნას შესრულებული ყველა რეფორმა, რომელიც არის ამ ცხრა ნაბიჯით გათვალისწინებული. იმის მიხედვით, როდის იქნება გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, 14 ან 15 დეკემბერს, გვინდა, გავმართოთ საერთო-სახალხო ეროვნული ზეიმი და ერთად აღვნიშნოთ ეს ისტორიული გამარჯვება, ჩვენი ქვეყნის და ხალხის, ჩვენი ხელისუფლების, მთავრობის მუშაობის შედეგი“, – განაცხადა პრემიერმა.