ირაკლი კობახიძე: 9 პრიორიტეტზე სამოქმედო გეგმა დღეს ან მაქსიმუმ ხვალ გასაჯაროვდება

დღეს ან მაქსიმუმ ხვალ გასაჯაროვდება 9 პრიორიტეტზე სამოქმედო გეგმა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„მთავრობის მხრიდან წარიმართა საბოლოო სამუშაო პროცესი და სამთავრობო კომისიამ დაამტკიცა [9 პრიორიტეტის შესრულების] სამოქმედო გეგმა. დასამალი არაფერია, დღეს ან მაქსიმუმ ხვალ გასაჯაროვდება ეს დოკუმენტი და ბუნებრივია მთავრობა გააკეთებს ამას.

მთავრობა და ხელისუფლება არის პასუხისმგებელი ყველა შემდგომ ნაბიჯზე. ჩვენ ვიყავით პასუხისმგებელი კანდიდატის სტატუსის მიღებაზე და ჩვენ გვენიჭება კანდიდატის სტატუსი. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ამ პროცესის სათანადოდ გაგრძელებაზე და ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობით გავაგრძელებთ შესაბამის პროცესს. რაც შეეხება ოპოზიციის ჩართულობას გეგმის განხორციელებაში, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სამოქმედო გეგმა თავად ითვალისწინებს მის განხორციელებაში როგორც ოპოზიციის, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობას”, – აღნიშნა კობახიძემ.