კირილ ბუდანოვის ცოლი მოწამლეს – უკრაინული მედია

უკრაინის დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელის კირილ ბუდანოვის მეუღლე მოწამლეს. მარიანა ბუდანოვა საავადმყოფოშია, – ამის შესახებ RBC უკრაინას სპეცსამსახურების წყარომ განუცხადა.

როგორც გამოცემას წყარომ განუცხადა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ დაზვერვის სამმართველოს უფროსის მეუღლე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის უკვე გადის მკურნალობის კურსს და მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

მედიის ცნობით, მარიანა ბუდანოვას მძიმე ლითონით მოწამვლა დაუდგინეს.

„ეს ნივთიერებები არანაირად არ გამოიყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში. მათი არსებობა შეიძლება მიუთითებდეს კონკრეტული ადამიანის მოწამვლის მიზანმიმართულ მცდელობაზე“, – აცხადებენ წყაროები.

წყარო დასძენს, რომ ჯერჯერობით უცნობია, იყო თუ არა ეს ერთჯერადი მოწამვლა, თუ მარიანას ნელ-ნელა წამლავდნენ.