ირაკლი კობახიძე – ძაღლი პატრონს ვერ ცნობს „ნაცმოძრაობაში“, აცხადებდნენ, რომ მელია აღარ იყო პარტიის წევრი, თუმცა ხაბეიშვილს და კეზერაშვილს აუმხედრა რვა საკრებულო, პარტიული ორგანიზაცია

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მძიმე მდგომარეობაა და პარტიაში არსებული დაპირისპირება კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

„მძიმე მდგომარეობაა, როგორც იტყვიან, ძაღლი პატრონს ვერ ცნობს „ნაცმოძრაობაში“. გრძელდება დაპირისპირება. აცხადებდნენ, რომ მელია აღარ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თუმცა მელიამ ხაბეიშვილს და კეზერაშვილს აუმხედრა, თუ არ ვცდები, რვა საკრებულო, პარტიული ორგანიზაცია. ეს არის ის დაპირისპირება, რომელიც კარგია, რომ გრძელდება „ნაცმოძრაობის“ შიგნით და ალბათ კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება. ეს არის სისუსტის ნიშანი, „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან დასუსტებულია და სწორედ ამიტომ არის მოშლილი. სისუსტის გამოვლინებაა ის რღვევა, რომელიც გრძელდება „ნაცმოძრაობის“ შიგნით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ფორმალური თავმჯდომარე 16-პროცენტიანი რეიტინგით ამაყობს, თუმცა ვერ ითვლის, რომ 16 პროცენტით ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება.

„თან ამბობენ, რომ არჩევნები უნდა მოიგონ, თან მათი ფორმალური თავმჯდომარე ამაყობს 16-პროცენტიანი რეიტინგით. შეიძლება, ხაბეიშვილმა არ იცის დათვლა, მაგრამ სხვებმა ხომ იციან, ხაბეიშვილი ვერ თვლის, რომ 16 პროცენტით ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში, მაგრამ ხომ არიან სხვები, რომლებსაც ამდენის თვლა მაინც შეუძლიათ. გასაგებია, საზოგადოება ხედავს ამ ყველაფერს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, რამდენიმე რაიონის საკრებულოებში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრებმა გუშინ განცხადებები გაავრცელეს, სადაც პარტიის თავმჯდომარეობიდან ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვენ.