სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე, მოადგილე ნათია სონღულაშვილთან ერთად, თურქმენეთის სახალხო დამცველს და დელეგაციას შეხვდა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, კოკა კაციტაძემ დელეგაციას სამსახურის საქმიანობა და გაფართოებული მანდატის ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყებების სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობის საკითხებზე.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ქართულმა მხარემ თურქმენეთის სახალხო დამცველს და დელეგაციის წარმომადგენლებს საგამოძიებო სამსახურისა და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლობაზე მიაწოდა დეტალური ინფორმაცია და ასევე, პრევენციის ეროვნული მექანიზმის (MPM) ფუნქციების ეფექტური შესრულების მიზნით, მათთან პოზიტიური თანამშრომლობის გამოცდილება გაუზიარა.
მათივე ცნობით, შეხვედრას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ დარჩაშვილი, თურქმენეთის ომბუდსმენი იაზდურსუნ გურბან-ნაზაროვა, თურქმენეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იაზგული აგაბაევი, თურქმენეთის საკანონმდებლო ორგანოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი იუსუფგული ეშაევი, თურქმენეთის გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი პროკურორი ამანმირატ ქერიმოვი, თურქმენეთის ომბუდსმენის თანაშემწე მაგთიმგული ჰოჯამირადოვი და თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ატაშე ბაგულ ქერიმოვა ესწრებოდნენ.