რუსული სააგენტო TASS-ის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე UNESCO-ს მედიის განვითარების პროგრამაში მაღალ თანამდებობაზე დანიშნეს

TASS-ის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე მიხაილ გუსმანი აირჩიეს გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის – UNESCO-ს კომუნიკაციების განვითარების საერთაშორისო პროგრამის (IPDC) ბიუროს მუდმივ მომხსენებლად. ამის შესახებ TASS-ს ორგანიზაციაში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენლობამ განუცხადა.

მიხაილ გუსმანი არის ITAR-TASS-ის, რუსეთის უძველესი და უდიდესი საინფორმაციო სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე. ის ასევე არის რუსეთის მედია კავშირის და მოსკოვის ჟურნალისტთა კავშირის გამგეობის წევრი. ასევე არის რუსული პრესის მსოფლიო ასოციაციის (WARP) აღმასრულებელი მდივანი. იკავებდა UNESCO-ს კომუნიკაციების განვითარების საერთაშორისო პროგრამის რუსეთის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობასაც.

ცნობისთვის, UNESCO – გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია – შეიქმნა 1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ექსტრემისტულ იდეოლოგიებთან დასაპირისპირებლად და მშვიდობის დასაცავად. თუმცა ის ყველაზე მეტად ცნობილია სიით, რომელშიც წარმოდგენილია კულტურის გამორჩეულად მნიშვნელოვანი, შთამბეჭდავი ძეგლები, ისევე როგორც ლანდშაფტები: მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. იუნესკოს შექმნაში, თავის დროზე, აქტიურად მონაწილეობდა შეერთებული შტატები.