100 წლის ასაკში გარდაიცვალა ჰენრი კისინჯერი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა „ცივი ომის დიპლომატიას“

ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ჰენრი კისინჯერი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია Kissinger Associates Inc.-ზე დაყრდნობით ავრცელებს. არსებული ცნობით, კისინჯერი კონექტიკუტში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

 

„კისინჯერი 100 წლის შემდეგაც აქტიურ საქმიანობას ეწეოდა: ის ესწრებოდა შეხვედრებს თეთრ სახლში, აქვეყნებდა წიგნს და სენატის კომიტეტს ინფორმაციას აწვდიდა ჩრდილოეთ კორეიდან მომავალი ბირთვული საფრთხის შესახებ. 2023 წლის ივლისში ის მოულოდნელად ეწვია პეკინს, რომ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძიპინს შეხვედროდა“, – წერს NDTV. 

კისინჯერი ებრაელი ლტოლვილი, რომელიც 1938 წელს ოჯახთან ერთად ნაცისტური გერმანიიდან გაიქცა. მან 1969-1977 წლებში მნიშვნელოვანი დიპლომატიური როლი ითამაშა აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში. კისინჯერის სახელს უკავშირდება „ცივი ომის დიპლომატიის“ ფორმირება.

ჰენტი კისინჯერი ასოცირდება ისეთ საკამათო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან, როგორიცაა მაგალითად, აშშ-ს მონაწილეობა 1973 წლის ჩილეს სამხედრო გადატრიალებაში.

ვიეტნამში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების წარმოებისთვის, კისინჯერმა 1973 წელს ნობელის პრემია მიიღო მშვიდობის განმტკიცების დარგში, თუმცა, ამის გამო ნობელის პრემიის კომიტეტის ორი წევრი პროტესტის ნიშნად გადადგა.

მისი პიროვნება დღემდე აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, ერთნი, მის საქმიანობას გმობენ, საერთაშორისო ურთიერთობების მეცნიერთაგან ბევრი კი ჰენრი კისინჯერს აშშ-ის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვან სახელმწიფო მდივნად მიიჩნევს.