“რუსეთი მზად არის, ისარგებლოს უკრაინაში არსებული პოლიტიკური განხეთქილებით” – The Economist

ზელენსკის რეიტინგი მკვეთრად ეცემა, ხოლო ზალუჟნის გავლენა შესამჩნევად იზრდება, წერს The Economist. უკრაინაში შიდა პოლიტიკური ომი მიმდინარეობს. და როგორც გამოკითხვები აჩვენებს, არჩევნების შემთხვევაში პრეზიდენტი მთავარსარდალთან დამარცხების რისკის ქვეშ იმყოფება.
პოლიტიკური ბრძოლა განახლდა, თუმცა შეიარაღებულმა ბრძოლამ შედეგი არ გამოიღო.

ბზარები გაჩნდა არა მხოლოდ პოლიტიკურ სცენაზე, არამედ სამხედრო სარდლობისა და პოლიტიკური ხელმძღვანელობის ურთიერთობაშიც. როგორც ვიცით, პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის ურთიერთობა ძალიან ცუდია. მათ შორის უთანხმოების შესახებ პირველი ცნობები გასულ ზაფხულს გაჩნდა.

ახლახან გენერალმა გულწრფელი ინტერვიუ მისცა The Economist-ს და გამოაცხადა, რომ უკრაინაში სამხედრო ოპერაციები ჩიხში შევიდა. ასე რომ, მათ შორის კონფლიქტი ყველასთვის ცნობილი გახდა. ზელენსკიმ გენერალს საჯაროდ უსაყვედურა სენსაციური განცხადებების გამო. მოგვიანებით, თავისი ინტერვიუს ფარგლებში, პრეზიდენტმა გააფრთხილა ზალუჟნი, რომ დაკავდეს სამხედრო საქმეებით და არა პოლიტიკით.

მთავრობის მაღალჩინოსანმა წყარომ აღწერა ღია ლიდერობის კონფლიქტი, როგორც პროგნოზირებადი შედეგი შეჩერებული კონტრშეტევითი ოპერაციისა, რომელიც „გეგმის მიხედვით არ წარიმართა“. წყაროს თქმით, ზალუჟნის მხრიდან კეთილგონიერი ქმედება არ იყო პრეზიდენტის უფრო ოპტიმისტურ ოფიციალურ პოზიციასთან შეწინააღმდეგება. ამავე დროს, – ამბობს წყარო, მთავრობაში ძალიან ცოტა ვინმე თუ მოინდომებს გენერლის რეალისტურ დასკვნებთან შეკამათებას. ამიტომ, პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ უკრაინული შეტევის წარუმატებლობაში დამნაშავეთა და პასუხისმგებელთა ძებნა წამოუწყო: „პოლიტიკოსები ამბობენ, რომ გენერლები სულელები არიან საბჭოთა განათლებით. გენერლები კი ამბობენ, რომ თავად პოლიტიკოსები არიან სულელები და ისინი ვერ იტანენ სამართლიან ჩარევას. როცა გამარჯვებასთან გვაქვს საქმე, მაშინ მას ბევრი “მამა” გამოუჩნდება ხოლმე, მაგრამ არავის სურს პასუხისმგებელი იყოს ფრონტზე არსებულ გამოუვალ მდგომარეობაზე“.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სამხრეთ უკრაინაში თავდაცვის საკითხებზე სისხლის სამართლის გამოძიება. სწორედ უკრაინის სამხრეთში მოიპოვეს რუსეთის ჯარებმა სწრაფი და უაღრესად მნიშვნელოვანი გამარჯვება 2022 წლის თებერვალ-მარტში. მაშინ რუსებმა რამდენიმე კვირაში გახსნეს ახალი სახმელეთო დერეფანი ყირიმის მიმართულებით. შეტევაში მათ პრორუსი უკრაინელები დაეხმარნენ. ხიდები არ აფეთქდა, თუმცა მომავალი რუსული ჯარების მოახლოებისას, ისინი უნდა აეფეთქებინათ. უკრაინის ჯარი ცუდად იყო მომზადებული. არსებული ინფორმაციით, ზალუჟნი ახლა საქმეში მოწმის სტატუსით არის ჩართული. მაგრამ ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს და უფრო სერიოზული სახე მიიღოს. მოკავშირეები ამბობენ, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის შესაძლებლობამ, წესით უნდა შეანელოს ზალუჟნის აქტიურობა. თუმცა, გენერალური შტაბის წყარო ამბობს, რომ მასმედიასთან თანამშრომლობა გენშტაბის უფროსისთვის რაღაც სადაზღვევო პოლისივით გახდა.

ზალუჟნი არაფერს ამბობს თავის პოლიტიკურ ამბიციებზე, ხოლო პოლიტიკურ სცენაზე გადადგმული რამდენიმე ნაბიჯი ვერ შეფასდება მოქნილად და ოსტატურად. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ზალუჟნი არანაირ საფრთხეს არ უქმნის ზელენსკის. პრეზიდენტმა, რომელიც ჯერ კიდევ 2019 წელს კომიკოსი იყო, იცის, თუ უკრაინული საზოგადოება რამდენად სწრაფად ქმნის ლიდერებს და იცილებს მათ. The Economist-ის მიერ განხილული შიდა გამოკითხვები ცხადჰყოფს, რომ პრეზიდენტს, რომელიც არც თუ დიდი ხნის წინ განადიდებდნენ ქვეყნის დაცვაში შეტანილი წვლილისთვის, შეელახა რეპუტაცია მთავრობის კორუფციული სკანდალებით. პოლიტიკა, რომელსაც ქვეყანა აწარმოებს, მზარდი შეშფოთების წყაროს წარმოადგენს. ნოემბრის მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ პრეზიდენტის მიმართ ნდობა 32 პროცენტამდე დაეცა და ეს არის გენერალ ზალუჟნის მიმართ ნდობის (70 პროცენტი) ნახევარი . უკრაინის მთავარი დაზვერვის ოფიცრის, კირილ ბუდანოვის რეიტინგიც ასევე უფრო მაღალია, ვიდრე ზელენსკისა, და 45 პროცენტს შეადგენს.

ამავე კვლევის მონაცემები მიუთითებს, რომ თუ ზელენსკი ზალუჟნისთან რბოლაში შევა, საპრეზიდენტო არჩევნებში, წააგებს.  ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინული საზოგადოება მიესალმება არაპროვოცირებულ მეტოქეობას. დღეს 10 უკრაინელიდან რვა ეწინააღმდეგება არჩევნების ჩატარების იდეას, რომელიც მომავალი წლის მარტში უნდა ჩატარდეს. პრეზიდენტმა, თავის მხრივ, ამ არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა, საომარი მდგომარეობის მოტივით, გამორიცხა. თუმცა, ზელენსკის რეიტინგის დაღმავალმა ტენდენციამ, შესაძლოა, განწყობები შეცვალოს. რუსული პროპაგანდა უდავოდ ცეცხლს დაანთებს, თუკი არჩევნები არ ჩატარდება.

უკრაინის დაზვერვის წყაროები ამბობენ, რომ მოსკოვი უკვე ცდილობს ისარგებლოს დაძაბულობითა და ლიდერობის ამბიციებით. უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს პრესმდივანი ანდრეი ჩერნიაკი ამბობს, რომ არსებობს მტკიცებულება, რომ რუსეთს აქვს ახალი სტრატეგია, რომელიც გათვლილია ამომრჩევლებზე. პირველ რიგში, ის ცდილობს გააძლიეროს ქვეყანაში რუსეთის მთავრობის მხარდაჭერა, მეორეც, შეარყიოს დასავლეთისადმი ნდობა და მესამე, გაზარდოს უკრაინაში ხალხის უკმაყოფილება. „ბრძოლის ველზე რუსეთმა ვერ მიაღწია იმას, რაც მას სჭირდებოდა, მაგრამ [საინფორმაციო ველზე] ის რეალურ პროგრესს აღწევს“, – აღნიშნა ჩერნიაკმა.

ხელისუფლების მაღალჩინოსანი წყარო ვარაუდობს, რომ რუსული პროპაგანდის გავლენა განპირობებულია შესაბამისი ბერკეტების ხელმისაწვდომობით. ის აღიარებს, რომ ქვეყანაში კორუფციაა. მენეჯმენტი ხშირად არაეფექტურია. უკრაინამ ვერ შეძლო თავისი ეკონომიკის სრულად გადაყვანა ომის საფუძველზე. მაგრამ თუ პრეზიდენტი იძულებული გახდება გადადგეს, ამით მხოლოდ რუსეთი ისარგებლებს. “ზოგიერთ ჩვენს პოლიტიკოსს არ აწუხებს რუსული საფრთხე და ეს მაბრაზებს. მათ ჰგონიათ, რომ შეუძლიათ ძალაუფლებისთვის კონკურენცია გაუწიონ, ზელენსკი გადააყენონ და ამას არანაირი შედეგი არ მოჰყვეს.”

ფრონტზე რუსეთისთვის მდგომარეობა საკმაოდ კარგად ყალიბდება. მან პრაქტიკულად გადაჭრა ადამიანური ძალის დეფიციტის პრობლემა. უკრაინას კი, პირიქით, მოსახლეობის მობილიზება არ შეუძლია. სამხედრო სარდლობა იმდენად ცოტა ადამიანს იღებს თავის განკარგულებაში, რომ ძლივს ჰყოფნის ფრონტის ხაზზე ბუნებრივი დანაკარგების შესავსებად. თუ კონფლიქტის დასაწყისში მობილიზებულთა უმეტესობამ იცოდა, რისთვის იბრძოდა, ახლა ახალწვეულების უმრავლესობას არ სურს ბრძოლა. ჯარის დაკომპლექტების გეგმების შესრულება სულ უფრო რთული ხდება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლიტიკური დაძაბულობა ხელს შეუწყობს რეკრუტირების პროცესს.–