ისრაელში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „ჰამასმა“ ღაზაზე კონტროლი არ უნდა შეინარჩუნოს.
„შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ მკაფიოდ განაცხადა, რომ ისრაელი აპირებს განაახლოს სამხედრო ოპერაცია „ჰამასის“ წინააღმდეგ, როდესაც „ჰამასი“ შეწყვეტს მძევლების გათავისუფლებას. როგორც თავიდანვე ვთქვით: ისრაელს აქვს უფლება გააკეთოს ყველაფერი, რათა უზრუნველყოს, რომ 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ განხორციელებული ხოცვა აღარასოდეს განმეორდეს“, – აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ ისრაელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი სამხედრო შესაძლებლობები აქვს და მას შეუძლია გაანეიტრალოს „ჰამასის“ მიერ წარმოქმნილი საფრთხე.
„ისრაელს ჰყავს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კარგი არმია. მას შეუძლია გაანეიტრალოს ჰამასის მიერ წარმოქმნილი საფრთხე და მინიმუმამდე დაიყვანოს უდანაშაულო კაცებისთვის, ქალებისა და ბავშვებისთვის მიყენებული ზიანი“, – დასძენს ბლინკენი.