ისრაელმა „ჰამასი“ ზავის პირობების დარღვევაში დაადანაშაულა და ღაზის სექტორში საომარი მოქმედებები განაახლა. ამის შესახებ „ცაჰალი“ იტყობინება.
„ჰამასმა“ დაარღვია ოპერატიული პაუზა და ცეცხლი გაუხსნა ისრაელის ტერიტორიას. ამის საპასუხოდ ჩვენ საომარი მოქმედებები განვაახლეთ“, – აღნიშნულია „ცაჰალის“ პრესსამსახურის განცხადებაში.
მათივე ცნობით, ისრაელის ავიაციამ ღაზის სექტორზე ავიაიერიშები განაახლა.
როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი, „ჰამასმა“ არ შეასრულა ზავის პირობები, კერძოდ, არ გაათავისუფლა ყველა ქალი მძევალი და სარაკეტო იერიშები განახორციელა ისრაელზე.
„ჩვენი მთავრობა მოწოდებულია, მიაღწიოს ომის მიზნებს. ესენია: მძევლების გათავისუფლება, „ჰამასის“ განადგურება და იმის უზრუნველყოფა, რომ ღაზის სექტორი აღარ წარმოადგენდეს საფრთხეს ჩვენი ხალხისთვის“, – აცხადებენ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციაში.