სალომე ზურაბიშვილმა მწერალი ხასო ხანგოშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა კავკასიელ ხალხთა, ქისტებსა და ქართველებს შორის მეგობრული ურთიერთობის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მწერალი ხასო ხანგოშვილი (სიკვდილის შემდეგ) ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

პრეზიდენტი მწერლის ოჯახს პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში ესტუმრა და ჯილდო პირადად გადასცა.

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია დღეს თქვენთან ერთად ყოფნა. ვიცი, რომ ეს ამავე დროს ძალიან დიდი მწუხარების დროა თქვენთვის, თქვენი ოჯახის, მთელი პანკისისა და მთელი საქართველოსთვის, რადგან საქართველოსთვის, როგორც პატარა, მაგრამ დიდი ქვეყნისათვის თითოეული დიდი პიროვნების დაკარგვა ძალიან დიდი დანაკლისია; დიდი დანაკლისია მისი კულტურისა და მომავლისათვის, რადგან ეს ადამიანები ქმნიან ამ ქვეყნის მომავალს და ყველამ ვიცით, რომ ბატონი ხასო ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება იყო არამხოლოდ როგორც მწერალი. როგორც მწერალს, მას უკვე გადაეცა ჯილდო. ჯილდო, რომელსაც დღეს მას გადავცემთ სახელმწიფო ჯილდოა, და მე მინდა, რომ ეს სახელმწიფოს მადლიერების გამოხატულება იყოს ამ დიდი ადამიანისა და დიდი პიროვნებისთვის, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ კავკასიის კულტურა შენარჩუნებულიყო და საქართველოს ამ საუნჯის ბოლომდე გაცნობა და შენახვა გაეგრძელებინა, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე და მრავალფეროვნებაა, ეს ტოლერანტობაა, რომელიც ოდითგან მოდის და რომელიც დღეს ზოგჯერ გვიჭირს, აღარ ვიცით, რას ნიშნავს სინამდვილეში, და ზოგჯერ, ვიტყოდი, ვიფანტებით. მაგრამ ჩვენი ჭეშმარიტი კულტურა, ჭეშმარიტი ქართველობა სწორედ ისაა, რომ ქისტი იქნება თუ სხვა წარმოშობის, სხვადასხვა ეთნოსი, რომლებიც ქმნიდნენ და დღესაც ქმნიან საქართველოს, არ დავივიწყოთ. და როგორც ბატონ ხასოს არ დავივიწყებთ, ისე არ დავივიწყებთ ჩვენს კულტურას, და ისეთივე ძლიერი იქნება საქართველო, როგორი ძლიერიც იქნება პანკისის ხეობა და ყველა ის ხეობა, რომელიც საინტერესოა თავისი განსაკუთრებული და ცალკეული ადათ-წესებით. მე ვიცი, რომ ბატონი ხასო ასევე მუშაობდა ძველ ადათ-წესებზე, ძველი სამართლის ძეგლებზე და ესეც გვავიწყდება, რომ ამ ქვეყანაში, როცა ზოგჯერ სამართლის პოვნა გვიჭირს, სასამართლოს დამოუკიდებლობა, ადგილობრივი სასამართლოები უძველესი დროიდან გვქონდა და ქართული მთა, ზოგადად, ძალიან მდიდარი იყო სწორედ ამ ძველი სასამართლოებით. სანამ ჩვენ დღევანდელ ინსტიტუტებზე გადავიდოდით, რომელთა გაძლიერება ზოგჯერ გვიჭირს, ბატონი ხასო, როგორც უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე, სწორედ ამ ძველ ინსტიტუტებს წარმოადგენდა, რომელიც ბევრად ადრე ამ ქვეყნის საყრდენი იყო, ამიტომ ზოგჯერ საჭიროა, დავუბრუნდეთ ჩვენს ძირებს და იმ ძირზე ავაშენოთ ხვალინდელი მომავალი, რომელიც ასე გვჭირდება. ქალბატონო დარიკო, მინდა, იცოდეთ, რომ ჩემი აქ ჩამოსვლა და ეს ჯილდო არ არის მხოლოდ თქვენი ოჯახისთვის გადმოცემული ჯილდო, არამედ ეს არის ქვეყნისა და სახელმწიფოსთვის გადმოცემული ჯილდო“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ ადგილობრივი მცხოვრებლები, ფოლკლორისტი ეთერ თათარაიძე და პოეტი ტარიელ ხარხელაური.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.