28 წლის კაცმა მამას ძაღლი მე-8 სართულიდან გადმოუგდო! ძაღლმა საშინელი ხმა ამოუშვა და მოკვდა – ვინ აღმოჩნდა ახალგაზრდა, რომელიც მამამ პოლიციას თვითონ ჩააბარა და სასჯელი ემუქრება მას

მამას შვილმა ძაღლი მერვე სართულიდან გადაუგდო. 10 წლის როტვეილერი მოკვდა. შემთხვევა თბილისში, სამგორის რაიონში მოხდა. ჩადენილი დანაშაულისთვის, 28 წლის შვილი მამამ პოლიციას თავად ჩააბარა.

„ჯერ, აი, იმ რკინებზე დაეცა, მერე ასფალტზე, ძაღლმა საშინელი ხმა ამოუშვა, მერე ხალხიც შეიკრიბა, პოლიციაც მოვიდა. სულ სისხლიანი იყო, აი ის ლაქაა. დაეცა და მერე თვითონვე გადავიდა ცოტა იქით, ჯერ ცოცხალი იყო. მეზობლები უკაკუნებდნენ პატრონს, მაგრამ კარი არავინ გაუღო. თავიდან გვეგონა, რომ ძაღლი გადმოვარდა“, – განაცხადა თვითმხილველმა მარიამ იასეშვილმა.

თვითმხილველებმა პოლიცია გამოიძახეს, შემთხვევის ადგილზე მივიდა ცხოველთა მონიტორინგის სამსახურიც.

მამაკაცი, რომელიც შემთხვევის ადვილზე ძაღლის პატრონად გაეცნო შესაბამის სამსახურებს, მოგვიანებით, პოლიციამ დააკავა. ბრალდებულმა აღიარა, რომ მამის კუთვნილი ძაღლი აივნიდან გადააგდო. შვილი მამამ პოლიციას ჩადენილი დანაშაულისთვის, თავად ჩააბარა.

ცხოველზე სავარაუდო მოძალადე 28 წლის ნიკოლოზ აფხაზოვია. მამამ მომხდარზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

ცხოველის მიმართ ჩადენილი სასტიკი მოპყრობისა და ძალადობისთვის, რომელმაც გამოიწვია მისი სიკვდილი, ნიკოლოზ აფხაზოვს 4 წლიანი პატიმრობა ემუქრება.