ქვემოთ წარმოგიდგენთ არა „რუსულ ნარატივებს“, არამედ ახალ სტატიას გერმანული პრესიდან (იხ. სტატიის ორიგინალი). პირუთვნელი სტატისტიკა ცხადჰყოფს, რომ გერმანიის აღმოსავლეთი ნაწილი, ყოფილი სოციალისტური დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელიც დასავლეთ გერმანიას თითქმის უპირობოდ მიუერთა მიხაილ გორბაჩოვმა, სოციალურ დონეზე დისკრიმინაციას განიცდის. ასე, გერმანიის აღმოსავლეთ ნაწილში, დასაქმებულებს ხელფასები საგრძნობლად ნაკლები აქვთ – ხშირ შემთხვევაში, თვიურ ხელფასზე გადაანგარიშებით, მთელი 1500 ევროთი ნაკლები, რაც უზარმაზარი მაჩვენებელია.
ამ სტატისტიკიდან გამომდინარე, საინტერესოა, რის იმედი აქვს საქართველოს, როდესაც ევროკავშირში წევრობაზე ქოცნებობს? საქართველო ხომ აღმოსავლეთი ევროპაც არ არის და, მით უმეტეს, ჯერ კიდევ მდიდარი გერმანიის ნაწილი. დისკრიმინაცია მერე ნახეთ – ყველაფერი ახლა ძვირდება და მერე ხომ საერთოდ „ევროპული დონე“ ვიქნებით. სამაგიეროდ, ხელში შეგვრჩება ანტიდისკრიმინაციული კანონი და დისკრიმინაციული ხელფასები, რაც უფრო მწარე აღსაქმელი იქნება, ევროპული ბიუროკრატიის ტყვეობაში!
ახლა კი, დაპირებული სტატიის თარგმანს გთავაზობთ:
გაერთიანებიდან სამი ათწლეული გავიდა, მაგრამ ხელფასები აღმოსავლეთსა და დასავლეთში ჯერ კიდევ ძალიან განსხვავებულია: აღმოსავლეთში ადამიანები დასავლეთის მაჩვენებელზე 42 პროცენტით ნაკლებს გამოიმუშავებენ. “უკიდურესად მწარე უსამართლობაა”, – ამბობს მემარცხენე პოლიტიკოსი დიტმარ ბარტში.
აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიას შორის ჯერ კიდევ არის მნიშვნელოვანი სხვაობა ხელფასებში. 2022 წლის ბოლოს, ახალ ფედერალურ მხარეებში სრულ განაკვეთზე დასაქმებულები, რომლებიც ექვემდებარებოდნენ სოციალურ დაზღვევას, საშუალოდ 3157 ევროს brutto (ანუ გადასახდების გამოქვითვის გარეშე) გამოიმუშავებდნენ თვეში, რაც 600 ევროთი ნაკლებია დასავლეთ გერმანიის თანამშრომლების ხელფასებზე (3752 ევრო brutto). შესაბამისად, განსხვავება თითქმის მეხუთედია (18,8 პროცენტი).
მემარცხენე პარლამენტარების შეკითხვაზე პასუხში ფედერალური მთავრობა მიუთითებს დასაქმების ფედერალური სააგენტოს 2022 წლის 31 დეკემბრამდე არსებულ სტატისტიკაზე, რომლის მიხედვით, ცალკეულ სექტორებში უფსკრული ზოგიერთ შემთხვევაში საგრძნობლად დიდია: მაგალითად, ტანსაცმლის ინდუსტრიაში, თანამშრომლები აღმოსავლეთში თვეში საშუალოდ 2282 ევროს გამოიმუშავებენ, ხოლო დასავლეთში საშუალო თვიური ხელფასი 3769 ევროა. მანქანებისა და მანქანის ნაწილების წარმოებაში, აღმოსავლეთში თანამშრომლები იღებენ საშუალო თვიურ ხელფასს 3757 ევროს ოდენობით, რაც 42,1 პროცენტით დაბალია, ვიდრე დასავლეთში დასაქმებული თანამშრომლებისა (5337 ევრო).
გემთმშენებლობისა და მანქანათმშენებლობის სფეროში, ხუთ ახალ ფედერალურ მხარეში საშუალო თვიური ანაზღაურება არის 3385 და 3332 ევრო, შესაბამისად. ძველ ფედერალურ მხარეებში ამ სექტორებში დასაქმებულები თითქმის 40 პროცენტით მეტ ფულს იღებენ (4676 და 4589 ევრო/თვეში, შესაბამისად). ასევე არსებობს 36,8-პროცენტიანი სახელფასო სხვაობა „მონაცემთა დამუშავების მოწყობილობების, ელექტრონული და ოპტიკური პროდუქტების წარმოების“ სფეროში. აღნიშნული სფეროს აღმოსავლეთ გერმანიის კომპანიებში ყოველთვიური ხელფასი 3590 ევროს შეადგენს, 4910 ევროს საწინააღმდეგოდ, რომელსაც დასავლეთგერმანელი თანამშრომლები იღებენ.
ქვანახშირის მოპოვებაში, აღმოსავლეთ გერმანიაში სრულ განაკვეთზე დასაქმებულები თვეში საშუალოდ 4442 ევროს გამოიმუშავებენ, რაც 1394 ევროთ ნაკლებია დასავლეთ გერმანიის მუშებზე (5836 ევრო). სტატისტიკის მიხედვით, ანაზღაურების „ყველაზე დაბალი“ სხვაობა გვხვდება რეზინისა და პლასტმასის ნაწარმის მრეწველობაში (31,2 პროცენტი). საშუალო თვიური ანაზღაურება აქ არის 2735 ევრო აღმოსავლეთში და 3589 ევრო დასავლეთში.
ბუნდესტაგის მემარცხენე საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარემ დიტმარ ბარტშმა სახელფასო განსხვავებას უკიდურესად მწარე უსამართლობა უწოდა. აღმოსავლეთ გერმანიის დასაქმებულები კვლავ რჩებიან „მეორე კლასის თანამშრომლებად“ ბევრ სფეროში, განუცხადა მან მასმედიას და მოუწოდა კანცლერ ოლაფ შოლცს (SPD), ხელფასების გათანაბრების საკითხი მთავარ პრიორიტეტად აქციოს. “აუცილებელია, კანცლერის სამსახურში გაიმართოს აღმოსავლეთის სამიტი!” – აღნიშნავს გერმანელი პოლიტიკოსი.