წითელ ზღვაში ამერიკულ სამხედრო ხომალდს და რამდენიმე კომერციულ გემს თავს დაესხნენ

პენტაგონის განცხადებით, წითელ ზღვაში ამერიკულ სამხედრო ხომალდს და რამდენიმე კომერციულ გემს თავს დაესხნენ.

„ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას წითელ ზღვაში გამანადგურებელ ხომალდ USS Carney-სა და კომერციულ გემებზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ და, როგორც კი შესაძლებელი იქნება, დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით“, – აცხადებენ პენტაგონში.

იემენის მეამბოხეები ახორციელებენ თავდასხმების სერიას წითელ ზღვაში გემებზე, ასევე უშვებენ უპილოტო საფრენ აპარატებს და რაკეტებს ისრაელის მიმართულებით.

მანამდე  ბრიტანეთის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ ბრიტანულ გემზე იემენელმა ჰუსიტებმა, სავარაუდოდ, სარაკეტო იერიში მიიტანეს. ამასთანავე, წითელი ზღვის რეგიონში უპილოტო საფრენი აპარატების მოქმედებების შესახებ ცნობებიც ვრცელდება.

გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების სააგენტოს (UKMTO) განცხადებით, სამხედრო დრონების აქტიურობის წყარო იემენიდან მოდის და მიმდებარედ მცურავ ხომალდებს სააგენტო სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

გაურკვეველია დაშავდა თუ არა ბორტზე მყოფი პირები ან რამდენად დაზიანდა გემი.