საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება პენსიონერთა ინდივიდუალური თანხმობის გარეშე იკრძალება. ამასთან, აღნიშნული ცვლილება გავრცელდება იმ პენსიონრებზე, რომელთა შემოსავალიც მხოლოდ პენსიით ან/და სხვა სახელმწიფო სოციალური გასაცემლით განისაზღვრება.
სებ-ის ახალი გადაწყვეტილებით, კომერციული ბანკები ვერ შეძლებენ პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირებას, რომლის შინაარსიც საპენსიო ან სხვა ტიპის სოციალური გასაცემლის საფუძველზე მომხმარებელს სესხს შესთავაზებს.
როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, ცვლილების მიზანია ე.წ. მოწყვლადი ჯგუფების დაცვა გაუთვითცნობიერებელი გადაწყვეტილებების მიღებისა და ჭარბვალიანობისგან. აღნიშნული ხელს შეუწყობს მომხმარებლებზე მეტად მორგებული გარემოს ჩამოყალიბებას და მათი უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვას.