“ქ.ოცნება” მშვიდად არის “ნაცმოძრაობის” შიდა განხეთქილების ფონზე და ზოგი ვარაუდობს, რომ მომავალი მთავრობაც ერთპარტიული იქნება

ზუგდიდის საკრებულო „ნაცმოძრაობის” 22 წევრიდან 14-მა წევრმა დატოვა. თანამდებობა დატოვა ზუგდიდის ენმ-ს ორგანიზაციის კიდევ სამმა წარმომადგენელმა, რომლებიც საკრებულოს აპარატის თანამშრომლები იყვნენ. მანამდე ეს გადაწყვეტილება ბათუმის ორგანიზაციის შვიდმა წევრმა მიიღო. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ნიკა მელიამ ცალკე პლატფორმიდან იბრძოლოს და ისინიც მათ ფლანგზე ვიხილოთ.

„ნაცმოძრაობა” 20 წელი პრობლემას უქმნიდა საქართველოს და ახლა გადავიდნენ საკუთარი თავისთვის პრობლემის შექმნაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში” ხდება ეს მათი პოლიტიკური დასასრულია.

„მგონი, რაც „ნაცმოძრაობაში” ხდება, დიდი ინტერესის საგანი აღარ უნდა იყოს. ეს მათი შიდა პრობლემაა. როგორც იქნა, ისინი გადავიდნენ საკუთარი თავისთვის პრობლემის შექმნაზე. ისინი აქამდე, 20 წელი პრობლემას უქმნიდნენ საქართველოს და ახლა თავად შეუქმნეს საკუთარ თავს პრობლემა.

„საბოლოო ჯამში, ეს ძალიან კარგია – პოლიტიკური დასასრულია. როცა შენს სამშობლოს ებრძვი, ბოლოს ასე დაამთავრებ. რაც უფრო მეტად დაიშლება და დაქუცმაცდება ეს ორგანიზაცია, მით უფრო კარგია, რადგან შეუძლებელია საქართველოში პოლიტიკური გასაქანი ჰქონდეს პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც დაფუძნებულია ძალადობაზე, წამების სისტემის შექმნასა და კორუფციაზე. რაც უფრო მეტად და მალე დაიშლება, მით უფრო კარგია”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ ადამიანებმა, რომლებმაც პარტიის დატოვების თაობაზე განცხადებები გააკეთეს, დიდი ხანია, აღარ არიან ჩართულნი პარტიულ საქმიანობაში.

“ნაციონალურ მოძრაობაში” ეს პროცესი, რა განცხადებებიც მოვისმინეთ, არ დაწყებულა გუშინ და გუშინწინ, ეს დაიწყო 8-9 თვის წინ და ეს ადამიანები ფაქტობრივად, აღარ მონაწილეობდნენ “ნაციონალური მოძრაობის” პარტიულ საქმიანობაში. რამდენად გაწელავენ ახლა ამის გაჟღერებას და პიარულად ვისთვის არის სასარგებლო, ეს ყველამ საკუთარ თავს კითხოს.

“ნაციონალური მოძრაობა” არ იშლება, პარტიას ბევრი რამ გადაუტანია, 11 წლის განმავლობაში შეუპოვრად იბრძვის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ.

„ბევრი ადამიანის და მათ შორის ივანიშვილის სურვილი იყო დაშლილიყო “ნაციონალური მოძრაობა”, ვერც ივანიშვილი და ვერც მისი აზრების გამზიარებლები ვერ მიიღებენ იმას, რომ “ნაციონალური მოძრაობა” დაიშალოს ან დაზიანდეს. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას, “ნაციონალური მოძრაობა” არის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია საქართველოში დღეს, რომელიც იბრძოლებს გამარჯვებისთვის და პირველი ადგილის მოსაპოვებლად იმ ბრძოლაში, რომელშიც იქნება სხვა დანარჩენ ოპოზიციურ ძალებთან ერთად,”- განაცხადა ბოტკოველმა.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან” აცხადებს, რომ ახლა ოპოზიცია იმ მდგომარეობაშია, როცა „ოცნებას” 2024 წლის არჩევნებში გამარჯვება არ გაუჭირდება.

„ნაციონალური მოძრაობის” დაშლა არაა ამ საკითხის დასმის პირობა, რადგან აქამდე დაშლილი არ იყო და 12 წლის განმავლობაში ოპოზიციამ ვერაფერი ვერ გააკეთა. ახლა გინდ დაიშალოს გინდ არა, მაინც ვერაფერს გააკეთებს, უბრალოდ დაშლა ოპოზიციურ ფლანგს კიდევ უფრო უსუსურს გახდის.

„თან გაერთიანება არაფერს არ იძლევა, მერე ერთმანეთს აგდებენ – მაგალითად ენმ-მ დანარჩენი ოპოზიციური პარტიები გადააგდო და თავის ხაზი აირჩია. გაერთიანება რთული რამეა, თან ერთგულებას ითხოვს, რაც პოლიტიკაში ძნელი რამაა. თუმცა ეს ერთობაც რას იძლევა, რამდენი ხმა უგროვდებათ ამით, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ?

„ლიდერების გაერთიანება ამომრჩევლების გაერთიანებას არ ნიშნავს, პირიქით, ძალიან ხშირად პარტია ამომრჩეველს კარგავს თუ, იმასთან გაერთიანდა, ვინც მის ელექტორატს არ მოსწონს”,- განაცხადა საყვარელიძემ.

კითხვაზე, საბოლოოდ როგორი შეიძლება იყოს 2024 წლის არჩევნების შედეგები, საყვარელიძემ გვითხრა:

„მე მგონი, „ქართული ოცნების” განაჩენი მსუბუქად მოგებაა, სირთულეები არ იქნება. სირთულეები მერე იქნება, როცა ფაქტიურად ერთპარტიულობიოს თაობაზე იქნება მსჯელობა – ეს რა დემოკრატიაა, როცა მხოლოდ ერთი პარტიააო და მემგონი სამომავლოდ საკითხი დადგება იმისა, რომ ძლიერი ოპოზიციური ჯგუფი შეიქმნას და „ქართული ოცნება” გაიყოფა”,- განაცხადა საყვარელიძემ.

ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ 2024 წელს უმრავლესობით კვლავ „ოცნება” მოვა, ოპოზიციის მხრიდან აქციებს ელოდება, თუმცა მასშტაბურს არა. ამასთან ამბობს, რომ შესაძლოა დასავლეთის მხრიდან „ოცნების” მიმართ პრეტენზიები მომწიფდეს ძლიერი ოპოზიციის თაობაზე.

„აქციებს ახლაც აკეთებენ, მაგრამ ას და ორას კაცზე მეტს ვერ აგროვებენ. მე ამ ოპოზიციის პოლიტიკურ პრეტენზიებზე კი არა, იმ პრეტენზიებზე, რაც დასავლეთს უდგას „ქართული ოცნების” წინაშე. ამის ფონზე შესაძლოა მომწიფდეს საკითხი, რომ „ოცნებამ” წარმოშვას ოპოზიცია თავისივე წიაღში”,- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან”.

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი საწინააღმდეგოს ფიქრობს, რომ პარტია მხარდამჭერებს მაინც შეინარჩუნებს.

„არა მგონია, რომ ეს დასასრული იყოს, რადგან იგივე 2017-18 წლებში ენმ-ს „ევროპული საქართველო” გამოეყო, აღნიშნულის მიუხედავად, პარტიამ საკმარისი ხმები მაინც მიიღო. მაშინ პარტიის გაყოფა არ მოხდა, მნიშვნელოვანი ნაწილი გამოეყო, მაგრამ მხარდამჭერები მაინც დარჩა. ამ შემთხვევაშიც ეგრე იქნება.

„მე არ ვიძახი, რომ იდეალური ვითარებაა და არავითარი საფრთხე არაა, მაგრამ პრობლემა არსებობს და მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები ახლოვდება, ამდენი ხანი, რომ შეთანხმება ვერ მოხერხდა პრობლემაა. თუმცა ვთვლი, რომ პარტია დარჩება, ოღონდ „ნაცმოძრაობის” ხელმძღვანელობა ამ დასუსტების კომპენსირებას შეეცდება, რომ ახალი ადამიანებით შეავსოს.

„შესაძლოა მოცემულმა ვითარებამ პროცენტულ მაჩვენებელზე იმოქმედოს, რადგან ძალიან ბევრი გულდაწყვეტილი ამომრჩეველია. ამიტომაც მიხეილ სააკაშვილმა უნდა მიმართოს მოსახლეობას, რომ რაც არუნდა ხდებოდეს მხარი დაუჭირინ, მაგრამ იმ ადამიანებმა, ვინც საკრებულოები დატოვეს, მათ თავისი მომხრეები ჰყავთ.

„ჩემი აზრით, ოპოზიციას იმის პოტენციალი და ძალა აქვს, რომ „ოცნებას” კონკურენცია გაუწიოს. თუ კარგ წინასაარჩევნო კამპანიას ჩაატარებენ, იქ სხვადასხვა პარტიებია სხვადასხვა ამომრჩეველით და თუ გარკვეული გაერთიანებებიც მოხდება, ეს ჯგუფები ბარიერს გადალახავენ.

„შესაძლებლობა არსებობს, ოღონდ სწორი სტრატეგია და ტაქტიკა უნდა იყოს შერჩეული, სწორი საინფორმაციო პოლიტიკით მოსახლეობას უნდა აუხსნან თუ რატიმ უნდა გაუშვან ოცნება, რომ ის ქვეყნის განვიტარებას აფერხებს, მათ შიროს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას”,- განაცხადა ნიკა ჩიტაძემრეზონანსთან“.