ირაკლი კობახიძე უნგრეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერს შეხვდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე უნგრეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერს, იანოშ ლატორცაის შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხში უნგრეთის მხარდაჭერაზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და უნგრეთს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას.

„ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერის განცხადებით, უნგრეთი სრულად დაუჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

ირაკლი კობახიძემ უნგრეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი.