თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი საბერძნეთის პრეზიდენტს, კატერინა საკელაროპულუს შეხვდა.
„მჯერა, ჩვენი რიგით მეხუთე მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს შეხვედრა იქნება საშუალება თურქეთსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობების გაძლიერებისა და გაგრძელებისთვის“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
თავის მხრივ, კატერინა საკელაროპულუმ აღნიშნა, რომ ახლა, როგორც არასდროს, აუცილებელია, საბერძნეთმა და თურქეთმა ერთად იმუშაონ, დაიცვან მშვიდობა, სტაბილურობა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემა, რაც სასარგებლო იქნება როგორც მათი ხალხებისთვის, ასევე რეგიონისთვის.
„ტრაგიკული მოვლენები, რომლებიც ჩვენმა ქვეყნებმა წელს გადაიტანეს, გახდა მიზეზი, კიდევ ერთხელ გვეჩვენებინა, რომ რთულ პირობებში სოლიდარობის გრძნობა და ჰუმანურობის ჩვენება საერთო მახასიათებელია, რომელიც აერთიანებს ორივე ხალხს. ექვსი წლის გასვლის შემდეგ დღეს საბერძნეთში თქვენი ყოფნა ასახავს პოზიტიურ კლიმატს“, – აღნიშნა საბერძნეთის პრეზიდენტმა თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.
ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ეს ერდოღანის პირველი ვიზიტია საბერძნეთში, რომლის მიზანსაც ორ ქვეყანას შორის დაძაბული ურთიერთობების ნორმალიზება და თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენს. როგორც მედია წერს, მეზობელ ქვეყნებს შორის არაერთ საკითხზე არსებული უთანხმოების გამო, იქნება ეს საზღვაო საზღვრები თუ ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე წიაღისეულის კვლევასთან დაკავშირებული უფლებები, გასული 50 წლის განმავლობაში თურქეთი და საბერძნეთი სამჯერ იყვნენ ომის დაწყების ზღვართან.