დევიდ კამერონის თქმით, რუსეთისთვის გაყინული აქტივები უკრაინას უნდა მოხმარდეს

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ კამერონი რუსეთისთვის გაყინული აქტივები უკრაინისთვის გადაცემას ემხრობა. მისი თქმით, არ მოუსმენია არც ერთი არგუმენტი, რომელიც ამ აზრს შეუცვლიდა.

„იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ გაიყინოს ეს ფული, მოდით ავიღოთ ის და უკრაინის აღდგენაზე დავხარჯოთ. ეს, თუ გინდათ, იყოს რეპარაციის ავანსი, რომლის გადახდაც ერთ დღეს რუსეთს მოუწევს უკანონო შეჭრისთვის, რომელიც მან განახორციელა. მე ყველა არგუმენტს გადავხედე და ჯერჯერობით, ვერაფერი ვნახე ისეთი, რაც იმაში დამარწმუნებდა, რომ ეს ცუდი იდეაა“, – ციტირებს კამერონის სიტყვებს გამოცემა Sky News.

ამასთან, დევიდ კამერონმა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება, ამერიკელ პოლიტიკოსებს უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის დამტკიცებისკენ მოუწოდა.

„თუ შეერთებული შტატები უკრაინის დახმარების პაკეტს დაუჭერს მხარს, ეს სტიმულს მისცემს ევროპის ქვეყნებს“, – აღნიშნა მან.