აშშ-მა ვეტო დაადო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც პალესტინის წარმომადგენელმა აშშ კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენის მხარდაჭერაში დაადანაშაულა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვეტო დაადო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითვალისწინებდა. როგორც The Times of Israel წერს, კენჭისყრის შემდეგ, აშშ-ის ელჩის თანაშემწემ რობერტ ბუდმა საბჭო გააკრიტიკა იმისთვის, რომ მათ არ დაგმეს მასობრივი მკვლელობა, რომელიც „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს, ისრაელში ჩაიდინა.

ისრაელის ელჩმა კი მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს ისრაელის გვერდით „მტკიცედ დგომისთვის“.

რაც შეეხება გაეროში პალესტინის წარმომადგენელს, რიად მანსურმა ამერიკის წარმომადგენელს მიმართა:

„თუ თქვენ მხარს უჭერთ ომს, თქვენ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს უჭერთ მხარს. ეს უშიშროების საბჭოსთვის საშინელი დღეა“.