“დასავლეთის 500-წლიანი ბატონობა მსოფლიოში დასასრულს უახლოვდება: წარსულში ჰიტლერისა და ნაპოლეონის დამარცხების შემდგომი პერიოდის მსგავსად, რუსეთი უკრაინაშიც კონფლიქტის გამო უფრო გაძლიერდა” – სერგეი ლავროვის განცხადება

წარსულში ჰიტლერისა და ნაპოლეონის დამარცხების შემდგომი პერიოდის მსგავსად, რუსეთი უკრაინაშიც კონფლიქტის გამო უფრო გაძლიერდა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა Al Jazeera-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ლავროვის თქმით, დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, რომელიც ე. წ. „გაუქმების კულტურაზეა“ დაფუძნებული.

მისი თქმით, დასავლეთის 500-წლიანი ბატონობა მსოფლიოში დასასრულს უახლოვდება.

„ეს არ არის რუსეთისთვის არჩევანის ომი. ეს არის ოპერაცია, რომელსაც ჩვენ ვერ ავიცილებთ თავიდან“, – განაცხადა მან.

ლავროვმა აღნიშნა, რომ უკრაინის მთავრობამ მიიღო კანონმდებლობა, რომლის მიზანია გააუქმოს „ყველაფერი რუსული“ , მათ შორის ენა, მედია, კულტურა და განათლება.

ცეცხლის შეწყვეტის ან სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით კითხვას ლავროვმა უპასუხა, რომ უკრაინელებზეა დამოკიდებული, მიხვდნენ, თუ რამდენად ღრმად არიან იმ ღრმულში, რომელშიც ისინი ამერიკელებმა ჩასვეს.

„ბატონ ზელენსკის უნდა დაურეკოთ, რადგან წელიწად-ნახევრის წინ მან ბრძანება გამოსცა, რომელიც პუტინთან მოლაპარაკებების გამართვას კრძალავს“, – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.