„არავინ არ უნდა მისცეს თავს მისი გაკრიტიკების უფლება“ – დი ლორენცომ კვარაცხელია დაიცვა

„ნაპოლის“ კაპიტანმა, ჯოვანი დი ლორენცომ ბრაგასთან გამართული მატჩის შემდეგ მისი თანაგუნდელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა, რომელიც ბევრის შეფასებით, თავის საუკეთესო ფორმაში არ არის. როგორც დი ლორენცომ ჟურნალისტებს განუცხადა, ხვიჩა კვარაცხელია მატჩის განმავლობაში დიდ სამუშაოს ასრულებს, გუნდს ძალიან ეხმარება და ის ფაქტი, რომ გოლები უფრო იშვიათად გააქვს არ არის იმის საფუძველი, რომ გააკრიტიკონ.

„არავინ არ უნდა მისცეს თავს ხვიჩა კვარაცხელიას გაკრიტიკების უფლება. დღეს, ხალხი მხოლოდ მატჩის საუკეთესო მომენტებზე დაყრდნობით მსჯელობს, მაგრამ თუ დააკვირდებით, ის მატჩის განმავლობაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს. მას უბრალოდ გოლი აკლია საიმისოდ, რომ საბოლოოდ გათავისუფლდეს, მაგრამ ის განსაკუთრებული ბიჭი და მოთამაშეა“, – ამბობს დი ლორენცო.

ცნობისთვის, 13 დეკემბრის ღამეს „ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში ბრაგა 2:0 დაამარცხა, რითაც მომდევნო ეტაპზე გადავიდა.