ასტრონავტმა კოსმოსში მოყვანილი პომიდორი მოწყვიტა და დაკარგა. პომიდორი ახლახანს, მისი დაკარგვიდან თითქმის ოთხი თვის შემდეგ სხვა კოსმონავტებმა იპოვეს. ამის შესახებ CNN წერს.
ამერიკელი ასტრონავტი ფრენკ რუბიო ISS-ზე კურიოზული ინციდენტის ცენტრში აღმოჩნდა. მან აირჩია ღეროდან მოწყვიტა ერთ-ერთი პომიდორი, რომლის გაზრდაც მეცნიერებმა მოახერხეს კოსმოსური სადგურის შიგნით, რათა ეჩვენებინათ პრეზენტაციის დროს, მაგრამ მოწყვეტილი ნაყოფი დაიკარგა.
„პატარა ჩანთაში ჩავდე, რადგან ჩემი ერთ-ერთი კოლეგა ატარებდა ონლაინ-ღონისძიებას სკოლის მოსწავლეებთან და ვფიქრობდი, რომ კარგი იქნებოდა, ბავშვებისთვის გვეჩვენებინა პომიდორი და მეთქვა: ‘აი ბავშვებო, ეს არის პირველი პომიდორი, რომელიც გაიზარდა კოსმოსში!’. დარწმუნებული ვიყავი, რომ პაკეტი წებოვანათი დავამაგრე, მაგრამ როცა დავბრუნდი, ჩანთა გაქრა“, – თქვა რუბიომ კოსმოსური სადგურიდან დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ, ოქტომბრის თვეში გამართულ პრესკონფერენციაზე.
კოსმოსური სადგურის მიკროგრავიტაციის პირობებში ყველაფერი, რაც არ არის მიმაგრებული სადგურის შიგნით, ზედაპირზე, შეიძლება, გაცურდეს და დაიკარგოს ფეხბურთის მოედნისხელა ორბიტალური ლაბორატორიის კუთხე-კუნჭულებში, ან მის ლაბირინთივით დერეფანში.
რუბიომ აღნიშნა, რომ თავისუფალი დროის 8-დან 20 საათამდე გაატარა პომიდვრის ძიებაში. „სამწუხაროდ, ადამიანის ბუნება ისეთია, რომ ბევრი ამბობს: „ალბათ მან თავად შეჭამა პომიდორი“. მე მინდოდა მეპოვა იგი ძირითადად იმის დასამტკიცებლად, რომ პომიდორი არ მიჭამია“.
თუმცა, ასტრონავტმა ვერ შეძლო მისი პოვნა; რუბიო დედამიწაზე 27 სექტემბერს დაბრუნდა.
ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე, კოსმოსურ სადგურზე დარჩენილმა ასტრონავტებმა განაცხადეს, რომ მათ საბოლოოდ იპოვეს დაკარგული პომიდორი. რუბიოს კოლეგებმა არ გაამჟღავნეს, კონკრეტულად სად იყო პომიდორი მთელი ამ ხნის განმავლობაში და არ დააკონკრეტეს, რა მდგომარეობაში აღმოაჩინეს. ოქტომბერში რუბიომ თქვა, რომ სადგურის მაღალი ტენიანობის გამო, ის სავარაუდოდ უკვე დალპებოდა ან იმგვარად გახმებოდა, რომ შეუძლებელი იქნებოდა მიხვედრა, თუ რა არის.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 29 ნოემბერს, მოსკოვის დროით დაახლოებით 14:02 საათზე, რუსული კოსმოსური ხომალდი Progress MS-23 ატმოსფეროს მკვრივ ფენებში შევიდა და იქ დაიწვა. ამ სანახაობას კოსმოსური სადგურიდან თვალს ადევნებდნენ რუსი და უცხოელი კოსმონავტები. კოსმოსური ხომალდის ნაწილები წყნარი ოკეანის არასანაოსნო ზონაში ჩამოვარდა.
ცნობისათვის: საერთაშორისო კოსმოსური სადგური (ISS, რუს.: МКС) უნიკალური პროექტია, რომელიც 25 წლის წინ განხორციელდა რუსებისა და ამერიკელების მიერ, როდესაც სხვადასხვა მოდულები ერთმანეთს პირდაპირ კოსმოსში შეუერთეს. ამჟამად სადგურზე მიმდინარე ექსპერიმენტებში 14-მდე სხვადასხვა ქვეყანა მონაწილეობს. ISS გინესის რეკორდების წიგნშია შესული, როგორც ადამიანების მიერ შექმნილი უძვირესი ობიექტი, მთელი ისტორიის მანძილზე (სადგურის შექმნა დაახლ. 150 მილიარდი დოლარი დაჯდა). ISS-ზე არაერთი სამეცნიერო ექსპერიმენტი განხორციელდა, მათ შორის, სამედიცინო-ბიოლოგიურ სფეროში, კერძოდ, 86 ფუნდამენტური ხასიათის და კიდევ 20 გამოყენებითი ხასიათის კვლევა, 19 სხვადასხვა მიმართულებით. არაერთი ნამუშევარი აპრობირებულ იქნა დედამიწაზე, კლინიკურ პრაქტიკაში, მაგალითად, სამედიცინო კოსტიუმი “რეგენტი” და სიარულის იმიტატორი “კორვიტი” – ნევროლოგიური პაციენტების რეაბილიტაციისთვის. აერომობილური ჰოსპიტლები ადრე კოსმონავტების შტატგარეშე დაბრუნების ვითარებისთვის გამოიგონეს, ახლა კი ისინი რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს (МЧС) შეიარაღებაზეა.