ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს. ამასთან, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოს, უკრაინასთან, მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს.
რეზოლუციას მხარი დაუჭირა 468 ევროპარლამენტარმა, წინააღმდეგი იყო – 99, 58-მა კი, თავი შეიკავა.
გაფართოების პოლიტიკასთან დაკავშირებულ რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის გაფართოება არის ერთ-ერთი უძლიერესი გეოპოლიტიკური ინსტრუმენტი ევროკავშირის განკარგულებაში და სტრატეგიული ინვესტიცია მშვიდობასა და უსაფრთხოებაში.
„ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირის საბჭოს, 14-15 დეკემბერს სხდომაზე გადაწყვიტოს უკრაინასა და მოლდოვას რესპუბლიკასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება. გარკვეული რეფორმის ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში, ისინი აცხადებენ, რომ უნდა დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები ბოსნია და ჰერცეგოვინასთან და საქართველოს უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი“, – აღნიშნულია ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ევროპარლამენტარები მიესალმებიან ბევრი ქვეყნის ინტერესს და პოლიტიკურ ნებას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ და ასევე მიესალმებიან სომხეთის მთავრობის სურვილს, დაუახლოვდეს ევროკავშირს.
ევროპარლამენტარებმა განაცხადეს, რომ ევროკავშირმა უნდა დაადგინოს მკაფიო ვადები, რათა კანდიდატმა ქვეყნებმა დაასრულონ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე. ევროპარლამენტარებმა აღნიშნეს, რომ არ იქნება სწრაფი გზა გაწევრიანებისთვის და კოპენჰაგენის კრიტერიუმები უნდა შესრულდეს კანდიდატი და პოტენციური კანდიდატების მხრიდან.
რეზოლუცია ხაზს უსვამს გაფართოების პროცესის პარალელურად ევროკავშირის შიდა რეფორმების აუცილებლობას, რათა გაზარდოს ევროკავშირის შესაძლებლობები ახალი წევრების ეფექტური ინტეგრაციისთვის.