მასკარადებსა და სპექტაკლში, რომელშიც სალომე ზურაბიშვილი მთავარ როლს ასრულებს, მონაწილეობას არ მივიღებთ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძეს კითხვა დაუსვეს, დაესწრებიან თუ არა მმართველი გუნდის წარმომადგენლები საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ღონისძიებას, რომელზეც ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირები არიან მიწვეული.
მამუკა მდინარაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი შეგნებულად მტრობდა საქართველოს.
„სალომე ზურაბიშვილი არის ლუზერი პოლიტიკოსი, რომელმაც ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში თავის ქვეყანაზე თქვა, რომ ის არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ასეც რომ ყოფილიყო, შეიძლება, მაინც ძალიან მტრული გამონათქვამი ყოფილიყო საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ, მაგრამ როდესაც ასე არ იყო და დღეს ევროპაში ყველა აღნიშნავს, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, სალომე ზურაბიშვილის განცხადება მხოლოდ მტრული და დამაზიანებელი იყო. ესეც არ იკმარა, უფრო დიდი მტრობა იყო, როცა თქვა, არათუ წელს არ იმსახურებს, შარშანაც არ იმსახურებდაო. მისი სიტყვები ამას ნიშნავდა, ეს თქვა პირდაპირ. შესაბამისად, პრეზიდენტად წოდებული ზურაბიშვილი შეგნებულად მტრობდა საქართველოს.
კანდიდატის სტატუსს როცა ელოდება შენი ქვეყანა, რეფორმები განხორციელებული აქვს, ობიექტურად ეკუთვნის სტატუსი და შენ ამბობ, საქართველოს არც შარშან ეკუთვნოდა და არც წელს ეკუთვნისო, ამაზე მეტი მტრობა რა შეიძლება, ჩაიდინო. გვეუბნებოდა, მხოლოდ ფორმალურად ასრულებთ რეკომენდაციებსო, ამაზე დიდი მტრობა გახსენდებათ ვინმეს? პრეზიდენტად წოდებული ადამიანის მხრიდან ეს ყველაფერი წარმოუდგენელი ამბავია. შესაბამისად, ჩვენ მასკარადებსა და სპექტაკლში, რომელშიც ის მთავარ როლს ასრულებს, თანაც სპექტაკლის რეჟისორი თავად არ არის, მონაწილეობას არ მივიღებთ. ბოლო დროის განმავლობაში რეჟისორებზე ხშირად მეკითხებიან, მაგრამ ამაზე საუბრისგან თავს ვიკავებთ, გარკვეულ უხერხულობას ვერიდებით ხოლმე. ეს არ არის აშშ, ევროპა და ევროპის ქვეყნები, ჩვენ ამას არ ვგულისხმობთ. გავა დრო და ამის შესახებ ბევრი საუბარი მოგვიწევს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.