ირაკლი ღარიბაშვილი – საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით განხორციელდა, პროგრამის დაწყებიდან სამედიცინო შემთხვევებზე ბიუჯეტიდან შვიდი მილიარდი ლარია გადახდილი

ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით განხორციელდა ეს რეფორმა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიხედვით, პროგრამის დაწყებიდან სამ მილიონ მოქალაქეს დაუფინანსდა 11 მილიონზე მეტი სამედიცინო შემთხვევა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, 7 მილიარდი ლარი იქნა გადახდილი ბიუჯეტიდან ბოლო 11 წელიწადში.

„ახლა მინდა, გადავიდე ჯანდაცვის მიმართულებით და მოკლედ შევეხები ჩვენს მიერ გაწეულ სამუშაოებს და იმ ძირითად რეფორმებს, რამაც მოიტანა კონკრეტული შედეგები ჩვენი მოქალაქეებისთვის. 2012 წლამდე მოგეხსენებათ, რომ არ არსებობდა საყოველთაო ჯანდაცვა და ასე ვთქვათ, არსებობდა რაღაც პროგრამა, რომელიც მოიცავდა ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 38 პროცენტს.

ჩვენ 2012 წლიდან მოყოლებული განვავითარეთ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა ამ მიმართულებით, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით განხორციელდა ეს რეფორმა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიხედვით, უკვე დაფინანსებული არის პროგრამის დაწყებიდან 3 მილიონი მოქალაქე, რომელთაც დაუფინანსდათ 11 მილიონზე მეტი სამედიცინო შემთხვევა და 7 მილიარდი ლარი იქნა გადახდილი ბიუჯეტიდან ბოლო 11 წელიწადში. აი, ეს არის კონკრეტული შედეგი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე;

ასევე, მინდა ვთქვა, რომ ჯანდაცვის ბიუჯეტი კიდევ უფრო გაიზარდა 2023 წელს და 2024 წელში კიდევ უფრო გაიზრდება. მინდა, შედარებისთვის გითხრათ, რომ 2012 წელს ჯიბიდან გადახდები მოქალაქეებს ჰქონდათ დაახლოებით 74 პროცენტამდე. 2022 წელს 30 პროცენტამდე შემცირდა მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

მას შემდეგ რაც უკვე ავამოქმედეთ DRG  მეთოდოლოგია, მოდელის ამოქმედების შემდეგ სამედიცინო სერვისებზე პაციენტის თანაგადახდა საშუალოდ 10%-ამდეა შემცირებული, 74 პროცენტიდან 10 პროცენტამდე არის შემცირებული ჩვენი მოქალაქეების ჯიბიდან გადახდები.

ასევე, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ რამდენიმე წლის წინ, როდესაც დავუნიშნეთ ყოველთვიური დახმარება სოციალურად დაუცველ ბავშვებს. 200-ლარიან დახმარებას იღებს 200 ათასზე მეტი ბავშვი, ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 500 მილიონ ლარამდე;

მინდა, ასევე ვთქვა, რომ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ კიდევ ბიუჯეტის ზრდას, როგორც კი გვექნება ამისი საშუალება“, – განაცხადა პრემიერმა.