დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „უცხოური გავლენების შესახებ“ კანონს, რომელიც საზოგადოებამ მარტში გააპროტესტა, საერთო არაფერი ჰქონდა რუსულ კანონთან.
კახა კალაძეს კითხვა დაუსვეს, მარტის აქციებისას გამოსული ხალხის დამსახურება ხომ არ იყო, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო.
„ეს იყო ჩვეულებრივი სპეკულაცია, არანაირი რუსული კანონი არ იყო, ასეთ კანონს დღეს ევროკავშირში განიხილავენ, რომ მიიღონ. შესაბამისად, რუსულთან მას არანაირი კავშირი არ ჰქონდა, ეს იყო ჩვეულებრივი სპეკულაცია. კანდიდატის სტატუსი არის დამსახურება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის და იმ გუნდის, რომელსაც „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ ჰქვია. ბევრი პოლიტიკოსი თუ პოლიტიკური პარტია დარბოდა, განცხადებებს აკეთებდა, რომ ქვეყანას სტატუსი არ მიეღო, ბრიუსელში ჩადიოდნენ. კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამაზე უნდა გავჩერდეთ. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, რათა ქვეყნის ევროინტეგრაცია კიდევ უფრო დავაჩქაროთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.