როგორ აღიქვეს საქართველოს “ევროპული კანდიდატის” სტატუსი სოხუმსა და ცხინვალში

“სოხუმსა და ცხინვალში საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას უფრო დადებითად აფასებენ, ვიდრე უარყოფითად”, –  ამის შესახებ “რეზონანსს” პაატა ზაქარეიშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, ამ შეფასებებში არის გარკვეული განსხვავებებიც, თუმცა, დე ფაქტო ხელისუფლებები საქართველოს კანდიდატის სტატუსს პირველ რიგში აღიქვამენ, როგორც მათი უსაფრთხოების დამატებით გარანტიას. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ საკითხის განხილვისას აქცენტი ძირითადად კეთდება პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე, რომ საქართველოს წინ ელის ახალი გამარჯვება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სახით.

“… უფლის ნებით ჩვენ ახლა უნდა შევძლოთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, რომ ვიცხოვროთ ერთიან, ძლიერ ევროპულ სახელმწიფოში”, – თქვა ღარიბაშვილმა თავის მისალოც სიტყვაში. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებში საქართველოს ევროპული მომავალი განსხვავებულად აღიქმება და ეს სოციალურ ქსელებში მათ მიერ გაკეთებული შეფასებებიდანაც ჩანს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “აფხაზების შეფასებები უფრო კორექტულია…”- როგორ აღიქვეს კანდიდატის სტატუსი სოხუმსა და ცხინვალში.

“აფხაზურ საზოგადოებაში არის გარკვეული დადებითი დამოკიდებულება, რადგან იციან, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველო მათთვის ნაკლებად საფრთხის შემცველი იქნება და რევანშის რეალიზაცია, თუ შეიძლება ასე ითქვას, ომის დაწყება იქნება მინიმუმზე დაყვანილი. ანუ, ისინი თავის თავს ვერ ხედავენ ჯერ-ჯერობით ევროკავშირში, მაგრამ თავის უსაფრთხოებაზე ექნებათ მეტი გარანტიები. უფრო სიღრმისეულად ვინც ფიქრობს, ევროკავშირის წევრი საქართველო შეიძლება მათთვის საინტერესო იყოს, ვიდრე ავტორიტარული და იმპერიალისტური რუსეთი. აქამდე ევროკავშირი ფართოვდებოდა მხოლოდ ევროპული ქვეყნებით და უცებ კავკასიას შეეხო. ეს თავისთავად უნიკალური მოვლენაა, ქართველებს რომ მისცეს კანდიდატობა. სულ სხვა ერს მისცეს, რომელიც საერთოდ არ არის ევროკავშირის საზღვარზე. მოლდოვა საზღვარზეა, უკრაინა საზღვარზეა, საქართველო კი არ არის ევროკავშირის საზღვარზე. ანუ, ეს არის ქართველი ხალხის ძალიან დიდი აღიარება. გარკვეულწილად, აფხაზები ალბათ დაფიქრდნენ – ნახე, ქართველებმა რამხელა ნახტომი გააკეთეს. მე მგონი ეს ძალიან სერიოზული დადებითი ფენომენი იქნება”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“ოსები ასე არ ფიქრობენ. რასაც მე ვუყურებ, “ტელეგრამ-” და “ფეისბუქ-” არხებზე, ბოღმანარევი ტექსტები იწერება ევროკავშირის მიმართ და აფხაზები უფრო კორექტულები არიან, უფრო გონივრულად აფასებენ პერსპექტივას, როგორც ზოგადად კავკასიის, ისე თავიანთ პერსპექტივასაც კი. ღარიბაშვილის განცხადებას ტერიტორიულ მთლიანობაზე აღიქვამენ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად, რომელსაც კავშირი არ აქვს ევროკავშირთან. შეიძლება წინასაარჩევნო კამპანიის კონტექსტში რუსეთმა აფხაზეთის გარკვეული ნაწილი დაუთმოს საქართველოს და ეს შეიძლება ღარიბაშვილმა ჩათვალოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენად. ღარიბაშვილი კი ჰპირდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ქართველ ხალხს, მაგრამ ეს იქნება ბლეფი. ერთ წელიწადში არაფერი არ კეთდება. ეს არის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი და შეიძლება ამას დავარქვათ “გარეჯი საქართველოა N2”, – დასძენს პაატა ზაქარეიშვილი.

 

ქართული პრესის მიმოხილვა