ლოიდ ოსტინმა ჰუსიტების მხრიდან წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე გახშირებული თავდასხმების გამო, ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა

ჰუსიტების მხრიდან წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე გახშირებული თავდასხმების გამო, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, ოპერაცია ფოკუსირებული იქნება ადენის ყურესა და წითელ ზღვაში უსაფრთხოების გამოწვევებზე.

„ვაცხადებ ოპერაცია Prosperity Guardian-ის დაარსების შესახებ – ეს არის მნიშვნელოვანი ახალი მრავალეროვნული უსაფრთხოების ინიციატივა გაერთიანებული საზღვაო ძალების ქოლგის ქვეშ და მისი 153 სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელობით, რომელიც ყურადღებას ამახვილებს წითელ ზღვაში უსაფრთხოებაზე“, – განაცხადა ოსტინმა.

მისი თქმით, ქვეყნები უნდა გაერთიანდნენ იმ გამოწვევის დასაძლევად, რომელსაც ქმნის არასახელმწიფო აქტორი საერთაშორისო წყლებში კანონიერად მცურავი სავაჭრო გემების მიმართულებით რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გაშვებით.

„იემენიდან მომდინარე ჰუსიტების უგუნური თავდასხმების გამო შექმნილი ესკალაცია საფრთხეს უქმნის ვაჭრობის თავისუფალ ნაკადს, საფრთხეს უქმნის უდანაშაულო მეზღვაურებს და არღვევს საერთაშორისო კანონს. წითელი ზღვა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი გზა, რომელიც არსებითია ნაოსნობის თავისუფლებისთვის და მთავარი კომერციული დერეფანი, რომელიც ხელს უწყობს საერთაშორისო ვაჭრობას“, –  დასძინა ოსტინმა.