პოლონეთში სასამართლომ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 14 პირს პატიმრობა მიუსაჯა

პოლონეთის ლუბლინის რეგიონის სასამართლომ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 14 პირი დამნაშავედ ცნო და მათ 1 წლიდან 6 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას pap.pl ავრცელებს.

პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტოს ცნობით, რუსი ჯაშუშების ჯგუფი რკინიგზაზე ტვირთების გადაადგილებას აკვირდებოდა, დივერსიებს ამზადებდა და ნატოსა და პოლონეთის მთავრობის წინააღმდეგ პროპაგანდას ეწეოდა.

გამოძიების ინფორმაციით, ჯაშუშები დავალებებს რუსეთის უშიშროების სამსახურისგან ტელეგრამის მეშვეობით იღებდნენ. მათ რკინიგზაზე დივერსია უნდა მოეწყოთ, რომლითაც უკრაინა სამხედრო დახმარებას იღებს, ასევე უთვალთვალებდნენ ჟეშუვეს აეროპორტს, გდანსკისა და გდინეს პორტებს, პოლონეთ-უკრაინის საზღვარს, სამხედრო ბაზას და ქარხანას.

14 ჯაშუშიდან 12 უკრაინის მოქალაქეა. მათი ასაკია 17-დან 44 წლამდე, ორნი ბელარუსები არიან. ყველანი გამოძიებასთან თანამშრომლობას დათანხმდნენ და ბრალი აღიარეს.