საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისათვის, ახალი კორონავირუსით გამოწვეული COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში განსაკუთრებული დამსახურებისთვის, უმაღლესი პროფესიონალიზმისა და ქვეყნისათვის თავდაუზოგავი შრომისათვის, წარმატებული პედაგოგიური და მეცნიერული მოღვაწეობისათვის ამირან გამყრელიძე ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოვდა.
ამირან გამყრელიძეს სახელმწიფო ჯილდო საქართველოს პრეზიდენტმა დაჯილდოების ცერემონიაზე პირადად გადასცა, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა.
„მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი დიდი პატივისცემა იმ საქმის მიმართ, რომელსაც თქვენ აკეთებთ. საამაყოა თქვენი საქმიანობა მედიცინაში, რადგან ის მიმართულია ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაუმჯობესებისა და სტანდარტების ამაღლებისათვის, იქნებოდა ეს პრევენცია თუ იმ დაავადებებთან ბრძოლა, რომელიც ძალიან მძიმედ აწვებოდა საზოგადოებას. მათთან ბრძოლის ის პროგრესი კი, დიდწილად თქვენთანაა დაკავშირებული.
მინდა თქვენ მიმართ ძალიან დიდი მადლიერება გამოვხატო. ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების დაფასება და პოზიტივი, რათა ვიცოდეთ რა არის დადებითი, რა არის პროგრესი, რომელიც უნდა დავაფასოთ, ხელი შევუწყოთ და დავეხმაროთ“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
დაჯილდოების ცერემონიაზე ამირან გამყრელიძემ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოსთვის.
„თქვენო აღმატებულებავ, ქალბატონო პრეზიდენტო, ჩემთვის დღეს განსაკუთრებული დღეა და დიდი პატივია საქართველოს პრეზიდენტისგან ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდოს მიღება, რომელიც სხვათა შორის, პირველი ჯილდოა ჩემი მოღვაწეობის განმავლობაში, არ ვიყავი მიჩვეული ზოგადად ჯილდოების მიღებას, მაგრამ დღეს ჩემთვის ეს განსაკუთრებულია, განსაკუთრებით, თქვენგან, ქალბატონო პრეზიდენტო.
ასევე განსაკუთრებულია დღეს ამ ჯილდოს მიღება ჩემთვის, როდესაც საქართველო მიუახლოვდა თავის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საოცნებო მიზანს – ჩვენ თანდათან ვხდებით ევროპის ნაწილი და უკვე კანდიდატის სტატუსით ვართ, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი და დიდი მუშაობა გვჭირდება იმისთვის, რომ გავხდეთ ევროპის სრულუფლებიანი წევრი, ამიტომაც მიზანშეწონილად ჩავთვალე ჩემი შვილები და ჩემი შთამომავლობა ყოფილიყო დღეს ამ ჯილდოს მიღებაზე, რათა მათ კარგად გაითავისონ თუ რა გზა გვაქვს დღეს ერთად გასავლელი, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას.
მადლობა იმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ, აკეთებდით და გააკეთებთ ამ დიდი გზაზე, რომელიც ჩვენი ყველა თაობის საოცნებო მიზანი გახლავთ და იმედია, რომ ჩვენი შვილები და შვილიშვილები იცხოვრებენ ნამდვილ, ძლიერ, უსაფრთხო და ევროპულ საქართველოში. მადლობა ამისთვის თქვენ!
ჩვენ ძლიერები ვიქნებით, თუ გვეყოლება განათლებული და ჯანმრთელი ერი. ჯანმრთელი და განათლებული ერი ყოველთვის შექმნის ცოდნაზე დამყარებულ კეთილდღეობას და ეკონომიკას. ამიტომ ჩვენ ყოველთვის უნდა ვეცადოთ რაც შეიძლება ჯანმრთელი იყოს ჩვენი საზოგადოება, თანამედროვე განათლებით და მაშინ უფრო გაადვილდება ყველა იმ მიზნის მიღწევა, რაც ჩვენ ძალიან გვინდა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.