საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ცხრა ქვეყნის არარეზიდენტი ელჩი თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლს ეწვია.
იუსტიციის სახლის ინფორმაციით, ოფიციალური შეხვედრის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა იუსტიციის სამინისტროსა და იუსტიციის სახლის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ბრენდის კონცეფცია და ის თანამედროვე მიდგომები განიხილეს, რომელთა საშუალებითაც სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისები მომხმარებლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, 118 ფილიალსა და მობილურ იუსტიციის სახლებში მიეწოდებათ.
„იუსტიციის სახლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას იუსტიციის სახლის, როგორც ქართული ინოვაციის საერთაშორისო დონეზე გატანა და ბრენდის ექსპორტი წარმოადგენს. სერვისების მიწოდების ქართული გამოცდილების გაზიარება, დელეგაციის წევრებს თავიანთ ქვეყნებში ანალოგიური მიდგომების დანერგვის შესაძლებლობას აძლევს“, – აცხადებენ იუსტიციის სახლში.
იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძემ, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძესთან ერთად, დელეგაციის წევრებს იუსტიციის სახლში დანერგილი სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და ტექნოლოგიური სიახლეებიც გააცნო.