საქინფორმი. აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შამბასა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ემიგრაციაში მყოფი მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაიას საუბარს საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მასზე საუბრობენ პოლიტიკოსები და სოციალური მედიის მომხმარებლები. ამ საუბრის აზრისა და მიზნების შესახებ აფხაზეთის ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაას“ ლიდერმა თემურ გულიამ და “ეროვნული ერთიანობის ფორუმის თავმჯდომარემ” ასლან ბარციცმა ისაუბრეს.
აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ ონლაინ საუბარი გამართა ე.წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარესთან, ვახტანგ ყოლბაიასთან. სერგეი შამბამ და ვახტანგ ყოლბაიამ ქართველი ჟურნალისტის ვანო ჩოკორაიას კითხვებს უპასუხეს. სერგეი შამბამ განაცხადა, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტი „არ უნდა დარჩეს შვილებსა და შვილიშვილებზე“ და „აუცილებელია მშვიდობიანი თანაცხოვრების შესაძლებლობების ძიება და ოცდაათი წლის შემდეგ, შეიძლება დაიწყოს გარკვეული მოძრაობები ურთიერთგაგებისკენ“.
უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა ადრეც ემხრობოდა საქართველოსთან დიალოგს, მაგრამ აფხაზეთში მსგავსი ინიციატივებისადმი დამოკიდებულება ორაზროვანია. ეს მოვლენა უარყოფითად შეაფასეს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა თემურ გულიამ და ასლან ბარციცმა.
ვეტერანმამ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „არუაას“ თავმჯდომარე თემურ გულიამ ძალიან მკაცრად ისაუბრა და მას მიაჩნია, რომ დევნილობაში მყოფი აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკება შეუძლებელია.
„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზეთის რესპუბლიკას არ შეუძლია ემიგრაციაში მყოფი აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ურთიერთობა რაიმე ფორმატში. ეს არ არის აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივნის დონე. მე გამიჩნდა კითხვა: არის თუ არა ეს დიალოგი სანქცირებული ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობის მიერ? უშიშროების საბჭოს მდივანი არის საჯარო მოხელე და მისი სიტყვები განიხილება, როგორც აფხაზეთის რესპუბლიკის უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ოფიციალური ხაზის ასახვა. აფხაზეთის რესპუბლიკისა და საქართველოს მოლაპარაკებების პროცესებთან დაკავშირებული საკითხები პრეზიდენტმა აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის კონცეფციაში წარადგინა, რომელიც მოიცავდა პუნქტს საქართველოსთან მრავალდონიანი მოლაპარაკებების შესახებ. თუმცა ამ საკითხს ჩვენი საზოგადოება პროტესტით გამოეხმაურა. საქმემ, რესპუბლიკის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მონაწილეობით, ღია საპარლამენტო მოსმენამდეც მიაღწია. საბოლოოდ, პრეზიდენტი ასლან ბჟანია და მისი ადმინისტრაცია იძულებული გახდნენ, მოეხსნათ ეს მიუღებელი პუნქტი აფხაზეთის რესპუბლიკის დღის წესრიგიდან“.
თ. გულია
თემურ გულიას თქმით, აფხაზეთ-საქართველოს ომი გარდაუვალი იყო და საქართველოს ნაციონალისტური მისწრაფებები დღესაც აქტუალურია.
„საქართველოში მოქმედი კანონი “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” ამის ნათელი მაგალითია. მე ვერ ვხედავ პირობებს დიალოგისთვის იმ ქვეყანასთან, რომელმაც მარტო მეოცე საუკუნეში ორჯერ განახორციელა აფხაზი ხალხის გენოციდი. საქართველომ პასუხი უნდა აგოს ყველა დანაშაულზე, მათ შორის, რეპარაციიები უნდა გადაიხადოს. თუკი ვივარაუდებთ, რომ საქართველო გვაღიარებს, ეს ამ ეტაპზე დიდ რისკებსა და საფრთხეებს შეიცავს. რა შეიძლება მოხდეს? ქართული ბიზნესი, დასავლეთის ფინანსური მხარდაჭერით, დაიწყებს ყველაფრის ყიდვას, ინვესტიციების მოზიდვას და ინტეგრაციის პროცესები დაიწყება როგორც სახელმწიფო დონეზე, ისე რიგითი მოქალაქეების დონეზე. მე მჯერა, რომ აფხაზეთის რესპუბლიკას დღეს არ სჭირდება მტრებთან მოლაპარაკება და საქართველოს აღიარება. აფხაზეთის რესპუბლიკას სჭირდება სახელმწიფო მართვის სისტემის ღრმა რეფორმები“.
უშიშროების საბჭოს მდივანსა და ვახტანგ ყოლბაიას შორის საუბარი აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმის ლიდერმა ასლან ბარციცმაც გააკეთა. იგი დარწმუნებულია, რომ არც აფხაზეთში და არც საქართველოში არ არსებობს ძალები, რომლებიც მზად არიან, მხარი დაუჭირონ ერთობლივი კონტაქტების იდეას, არც ერთი მხარე არ არის ამისთვის მზად და თითოეულს აქვს თავისი მიზეზი.
„ამ მასალის ნახვის შემდეგ სევდიანი გრძნობა დამეუფლა. ჩემი აზრით, სერგეი მირონოვიჩი [შამბა] გაიჭედა 1990-იანი წლების დასაწყისში, რადგან ომის წინა პერიოდში განვითარებული ვითარება და სამხედრო კონფლიქტის თავიდან აცილების მცდელობები, იმავდროულად საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დაცვით, ძალზე აქტუალური იყო. დღეს არა მარტო აფხაზეთში, არამედ მთლიანად მსოფლიოში ვითარება შეიცვალა. ამიტომ ჩნდება კითხვა: „რისთვის არის ეს ყველაფერი? რატომ არის საჭირო ეს საუბრები და მოლაპარაკებები? მიმაჩნია, რომ აფხაზეთში არ არსებობს საქართველოსთან ურთიერთობის დამყარებით დაინტერესებული მნიშვნელოვანი ძალები, გარდა იმ მცდელობებისა, რაც ასლან ბჟანიამ თავისი საქმიანობის დასაწყისში გააკეთა. ისევე, როგორც საქართველოში არ არსებობენ მნიშვნელოვანი ძალები, რომლებსაც ესმით, თუ რა მოხდა და ყველაფერს სწორად შეაფასებენ და მივლენ იმ დასკვნამდე, რომ სისხლიანი ომის შემდეგ აფხაზეთთან „უფროსი-უმცროსის“ პოზიციიდან ლაპარაკს აზრი არ აქვს, რადგან ხალხის მეხსიერება და ტკივილი, რომელიც დღეს საზოგადოებაშია, უზარმაზარია” – აღნიშნა ბარციცმა.
საქართველოში, ასლან ბარციცის თქმით, არსებობს დამახინჯებული წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა ხდება დღეს აფხაზეთში:
ა. ბარციცი
„ყველა ეს ერთობლივი პროგრამა, მოგზაურობა, მცდელობა, გადაწყვიტოს აფხაზური ენის შენარჩუნების საკითხები საქართველოს გავლით, ეს ყველაფერი ცალმხრივ თამაშს ჰგავს. დღეს საქართველოს უკან დგანან ძალები, რომლებიც ვერ ხედავენ თავისუფალ აფსნებს და არ სჯერათ, რომ ჩვენ გვაქვს საკუთარი სახელმწიფოებრიობის უფლება, ამიტომ საქართველოდან მომდინარე წინადადებები სიფრთხილეს იწვევს აფხაზურ საზოგადოებაში. აფხაზეთის სახელმწიფო დღეს თავისი გზით ვითარდება, დრო გავიდა, მთელი თაობები გაიზარდა. საქართველოშიც მთელი თაობები გაიზარდა, მათ აქვთ საკუთარი ისტორიის წიგნები და მათი ზოგადი წარმოდგენა ჩვენს მიმართ დამახინჯებულია და მიაჩნიათ, რომ აფხაზეთი საქართველოა, რომ ჩვენ ოკუპირებული ქვეყანა ვართ და ა.შ. ასეთ საფუძველზე კონტაქტების ძებნა, ვფიქრობ, უსარგებლო იქნება. ”
იმისათვის, რომ საქართველოსთან კონტაქტები წარმატებული იყოს, ამბობს ასლან ბარციცი, საქართველომ უნდა შეწყვიტოს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიად განხილვა, აღიაროს პასუხისმგებლობა საკუთარ აგრესიაზე და შეწყვიტოს აფხაზეთის ტერორი.
„თუ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქართული სახელმწიფო, მისი იდეოლოგია, მისი ხალხი ეწინააღმდეგება აფხაზეთის სახელმწიფოებრიობას და მის ხალხს, რატომ ვაყენებთ ეტლს ცხენზე წინ? არსებობს გარკვეული სქემა, რომლის მიხედვითაც სახალხო დიპლომატიის, ოფიციალური დიპლომატიის მუშაობის შედეგი საქართველოსა და აფხაზეთს შორის მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება წარმატებული, თუ საქართველო რამდენიმე ნაბიჯს გადადგამს: კანონმდებლობიდან ამოიღებს „ოკუპირებული ტერიტორიების“ ცნებას, აღიარებს თავის დანაშაულს და, საბოლოოდ, შეწყვეტს ჩვენს ტერორს ყველა დონეზე, დაწყებული ბავშვთა მოგზაურობით და კულტურული გაცვლებით, გადახედავს საკუთარ კანონმდებლობას და აღიარებს აფხაზეთის რესპუბლიკას, როგორც მოლაპარაკების თანასწორ პარტნიორს. აი შემდეგ, როდესაც ეს ეტაპები დასრულდება, შესაძლებელი იქნება საუბარი ეკონომიკაზე, კულტურულ გაცვლაზე და ვაჭრობაზე. ამ გზის გავლის გარეშე სხვა ყველაფერს აზრი არ ექნება, რადგან ეს იქნება ცალმხრივი თამაში“.
ასლან ბარციცმა შამბა-კოლბაიას საუბრის ფაქტი პირად საუბრად მიიჩნია, მაგრამ აღნიშნა მისი მიზნის ბუნდოვანება და გაურკვევლობა.