აზერბაიჯანის სპეცსამსახურებმა საფრანგეთის დაზვერვის ფართო ქსელი გამოააშკარავეს, რომელიც აზერბაიჯანის, უკრაინის, მოლდოვის, საქართველოს, აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში მოქმედებდა. ამის შესახებ გამოცემა bnnbreaking.com იუწყება.
გამოცემა Identificator-ის ცნობით, რომელიც საკუთარ წყაროებს ეყრდნობა, საფრანგეთს დაზვერვის ფართო ქსელი ჰქონდა, რომელიც, მათ შორის, „საფრანგეთის პარტნიორი ქვეყნების“ წინააღმდეგაც იყო მიმართული. ქსელი აზერბაიჯანში საფრანგეთის საელჩოდან იმართებოდა და რეგიონში გავლენის გაზრდას ცდილობდა. ჯაშუშურ ქსელში ბევრი ადამიანი იყო ჩართული.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, ამ ფაქტის შესახებ საფრანგეთის მოქალაქემ აზერბაიჯანის სპეცსამსახურებს ნებაყოფლობით ინფორმაცია მიაწოდა. ამან აზერბაიჯანის სამართალდამცავ ორგანოებს და სპეცსამსახურებს საერთაშორისო ჯაშუშურ ქსელზე მეტი ინფორმაცია მისცა.
bnnbreaking.com-ის ჟურნალისტები წერენ, რომ მომხდარს საერთაშორისო ურთიერთობებზე, პირველ რიგშიც საფრანგეთსა და იმ ქვეყნებს შორის, სადაც ჯაშუშები მოქმედებდნენ, სერიოზული გავლენა შეიძლება ჰქონდეს. ამ ქსელის გამოაშკარავებას ასევე შედეგები ექნება სხვა ქვეყნების ჯაშუშური საქმიანობისთვისაც და საერთაშორისო ქსელების მუშაობის შეცვლას მოითხოვს.