გიორგი ვაშაძე – ყველა ადამიანის გულში იმედის ნაპერწკალი გაჩნდა, წინ, დაჩქარებული ტემპით ევროკავშირისკენ

 

ყველანი ერთად უნდა დავდგეთ, გავიმარჯვოთ 2024 წლის არჩევნებში, სწრაფად განვახორციელოთ რეფომები და სწრაფად გავხდეთ ევროკავშირის წევრი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბათუმში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ვაშაძის თქმით, ახლა ხალხი ერთ მუშტად უნდა შეიკრას და გაერთიანდეს.

„კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დიდ წარმატებას, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა ვართ. ეს არის ხალხის გამარჯვება და დავდივართ მთელ საქართველოში. ახლა ვიმყოფებით ბათუმში და ვისაც ვხვდებით, ყველა ადამიანის გულში იმედის ნაპერწკალი გაჩნდა, ყველას უხარია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და წარმოიშვა რეალური შესაძლებლობა, დაჩქარებული წესით გავხდეთ ევროკავშირის წევრი. ამ გამარჯვებას როცა ზეიმობს ქართველი ხალხი, „ქართულმა ოცნებამ“ ახალი ანტიევროპული კამპანია ჩართო. „ქართული ოცნებისთვის“ ევროპული ცივილიზაცია პრობლემურია, ჩვენთვის ევროკავშირი არის მშვიდობა და ეკონომიკური კეთილდღეობა, ისინი წვავენ ევროპულ დროშებს, ჩვენ კი ევროკავშირის დროშა უნდა აღვმართოთ ყველგან, რაც მთავარია, ბრიუსელში უნდა აღვმართოთ საქართველოს დროშა, ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებს შორის. ისინი ცდილობენ, დაგვაპირისპირონ, გადაგვკიდონ ერთმანეთს, ჩვენ ეროვნულ ამოცანად უნდა დავისახოთ ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანება და რაც მთავარია, გავერთიანდეთ.

ყველანი ერთად უნდა დავდგეთ და რაც მთავარია, გავიმარჯვოთ 2024 წლის არჩევნებში, სწრაფად განვახორციელოთ რეფორმები და სწრაფად გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ან ახლა, ან არასდროს. ქართველმა ხალხმა პირველი რაუნდი მოიგო, 1:0 დაამარცხა „ქართული ოცნება“ და მივაღწიეთ საწადელს, რომ კანდიდატის სტატუსი გვაქვს, ახლა მომავალ წელს უნდა გავიმარჯვოთ არჩევნებში და საბოლოო გამარჯვებას ჩავუყაროთ საფუძველი. ყველაზე გვიან, ოთხ წელიწადში საქართველო გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, მთელი ევროპა, მთელი ამერიკა ჩვენ გვერდით არის. ჩვენ არაფერი დასაპირისპირებელი არ გვაქვს, ერთ მუშტად უნდა შევიკრათ და გავერთიანდეთ. რადიკალური „ქართული ოცნება“ არ გვაძლევს გასაქანს, რომ წინ წავიდეთ, წინ რეფორმებისკენ. შემოვივლით ყველა რაიონს და არც ერთ შემთხვევაში ამ რუსულ დეზინფორმაციას, რომელსაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს, არ ექნება გასაქანი ქვეყანაში. წინ, დაჩქარებული ტემპით ევროკავშირისკენ, ეს არის ჩვენი გზავნილი ბათუმიდან“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ