ჩვენ მუდმივ რეჟიმში გვაქვს კონსულტაციები შესაბამის უწყებებთან, აღმასრულებელ სტრუქტურებთან, დანაშაული იქნა ჩადენილი, საჭიროა, დამნაშავეების დასჯა და ამისთვის უნდა გაკეთდეს მაქსიმუმი, ჩვენ ვართ დაინტერესებული ამით და ეს დაინტერესება გამოიხატება რეგულარული კონსულტაციებით, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, არგაღიზიანების პოლიტიკას პრაგმატული პოლიტიკა ამართლებს და ეს გამოხატულია კონკრეტული შედეგებით.
„არგაღიზიანების პოლიტიკას მე დავარქმევდი პრაგმატულ პოლიტიკას, პრაგმატული პოლიტიკა ამართლებს და ეს გამოხატული არის კონკრეტული შედეგებით. შეგახსენებთ, რა შედეგები ჰქონდა წინა ხელისუფლებას ძალიან რბილად, რომ ვთქვათ არაპრაგმატული პოლიტიკით. ეს იყო ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია, ე.წ აღიარება ოკუპირებული ტერიტორიების, 30 000 დევნილი, რომელიც 2008 წელს მივიღეთ, 400-ზე მეტი დაღუპული სამხედრო და სამოქალაქო პირი. ამასთან ერთად, სხვა ნაბიჯებს რომ დგამდნენ, ეკონომიკურ და სტრატეგიულ ობიექტებს გადასცემდნენ რუსეთს, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ მე ვსაუბრობ იმ მძიმე შედეგებზე, რაც მივიღეთ წინა ხელისუფლების არაპგრამტული პოლიტიკის გამო. რაც შეეხება იგივე გატაცებებს და იზოლატორებში გადაყვანას, რომ ნახოთ მონაცემები, აქაც ბევრად უფრო მეტია წინა ხელისუფლების პირობებში, ვიდრე არის ახლა. აქედან ჩანს სტატისტიკურადაც, რომ პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც ჩვენ გვაქვს არათუ ამართლებს, არამედ მან მოიტანა ხელშესახები შედეგები. უახლესი ისტორიის, 30 წლის განმავლობაში პირველი ხელისუფლება ვართ, რომლის დროსაც არ ყოფილა ომი, რომლის დროსაც რუსეთს არ ჰქონია ტერიტორიული წინსვლა ქვეყანაში და ეს არის რეალურად შედეგი“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, მთავარი ამოცანაა, არ მოხდეს რუსეთის ტერიტორიული წინსვლა საქართველოს ტერიტორიაზე.
„რაც შეეხება საოკუპაციო ხაზის გადმოწევას, რეალურად, თუ საუბარია ე.წ ბორდერიზაციაზე, ბორდერიზაცია არსებითად არის მცირე გადახვევებით, მაგრამ არსებითად მიყვება იმ ე.წ საზღვრებს, რომელიც ნორმატიული აქტის დონეზე აღადგინა წინა ხელისუფლებამ. მათ აღადგინეს საზღვრები, რომელიც გაუქმებული იყო გამსახურდიას ხელისუფლების პირობებში, მაშინ გაუქმდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი და ეს ე.წ საზღვრები, რომელსაც ჩვენ ბუნებრივია, არ ვაღიარებთ, აღადგინა წინა ხელისუფლებამ პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებულებით. ჩვენთვის ეს არის ოკუპაციის მორიგი გამოხატულება, მაგრამ ეს არის რეალობა. არის წინა ხელისუფლების ე.წ საზღვრები, რომელსაც მიჰყვებია რუსი სამხედროები ე.წ ბორდერიზაციის დროს. მე ჩამოვთვალე დანაშაულები, რომელიც ჩაიდინა წინა ხელისუფლებამ. კიდევ ერთი დანაშაული, რაც ჩაიდინეს 2008 წელს, როდესაც ოკუპაციის შესახებ კანონი მიიღეს და იქ დამატებით ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნიეს იმ საზღვრებში არსებული ტერიტორია. მაშინ ჯერ კიდევ არ ჰქონდათ დაკავებული რუსებს შესაბამისი ტერიტორიები და პირდაპირ თქვეს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული იყო მთლიანი ის ტერიტორია, რომელიც ექცეოდა მათ მიერ აღდგენილ საზღვრებში. დანაშაული დანაშაულზე აქვთ ჩადენილი. ჩვენი მთავარი ამოცანაა, არ მოხდეს რუსეთის ტერიტორიული წინსვლა საქართველოს ტერიტორიაზე, რაც მოხდა არაერთგზის წინა ხელისუფლების, იმის წინა ხელისუფლებების დროს. ჩვენი მთავარი ამოცანა ეს არის და ამ ამოცანას მადლობა ღმერთს, წარმატებით ვასრულებთ“ – აღნიშნა კობახიძემ.